„ქართული ოცნების“ პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაზე კომპანიების ნაწილმა საკუთარი ინიციატივები დააყენა.
როგორც სამშენებლო ლაბორატორია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ BMG-ის განუცხადა, მათი ინიციატივა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის ამაღლებას ეხება და ცვლილებები ლაბორატორიული შემოწმების ნაწილში უნდა შევიდეს.
ტიტე ჯიშიაშვილის შეფასებით, ლაბორატორიული კვლევების უშუალო დამკვეთი სახელმწიფო უნდა იყოს და არა კერძო სექტორი.
მისი თქმით, დღეს არსებული პრაქტიკა ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის გარკვეულ ხვრელებს აჩენს.
“ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან იყო წარმოდგენილი მათი სამომავლო გეგმები, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტები იყო გამახვილებული ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მე მომეცა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ჩემი აზრი და დამეფიქსირებინა ის გადაჭრის გზა, რაც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს [პროექტების] ხარისხს.
აუცილებელია, რომ ლაბორატორიული ხარისხი შემოწმდეს პირდაპირ სახელმწიფოს დაკვეთით და არა არსებული პრაქტიკით, როგორც ეს დღეს ხდება, რომ მშენებელი საკუთარი სურვილით მიდის ნებისმიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და მისთვის სასურველ შედეგებს იღებდეს. ამის საფუძველზე ის შემდეგ იღებს შესრულებას და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს. ანუ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო ლაბორატორიების დამკვეთი, რომ პირდაპირი ვალდებულება ჰქონდეს ამა თუ იმ ლაბორატორიას სახელმწიფოსთან.
დღევანდელი პრაქტიკით, მშენებელი საკუთარი სურვილით მიდის მისთვის სასურველ ლაბორატორიაში, სადაც აკეთებს ლაბორატორიულ ოქმებს და შემდგომ წარადგენს თანხების ასათვისებლად.
ეს მიდგომა ბევრ ხვრელს აჩენს. კომპანია, რომელსაც ჩვენს ლაბორატორიაში უარყოფითი შედეგი მიუღია, ჩვენთან მეორედ აღარასდროს მოსულა. სავარაუდოდ, ასეთმა კომპანიებმა ნახეს ისეთი გზები, რომ მოეპოვებინათ ხარისხის ისეთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც თავი აარიდეს [პროექტის] შესრულების შეჩერებას და მიიღეს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თანხები”, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.




























