სათამაშოების მწარმოებელი ჩინური კომპანია Pop Mart International Group-ის დამფუძნებელი ვანგ ნინგის ქონება, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, $6 მილიარდით შემცირდა; ამას წინ უსწრებდა კომპანიის ყველაზე წარმატებული, "ლაბუბუს" სერიის თოჯინათა ბოლო ვერსიებზე ჩინეთის მასშტაბით შემცირებული პოპულარობა.
38 წლის ვანგ ნინგის, Pop Mart-ის დამფუძნებლისა და CEO-ს ქონება, Forbes-ის თანახმად, ამჟამად $21.6 მილიარდითაა შეფასებული, რომლის ძირითადი წილიც კომპანიის აქციებზე მოდის. აღნიშნული რიცხვი აგვისტოს ბოლოს $27.5 მილიარდს შეადგენდა. იმ დროისთვის "ლაუბუბუს" მზარდმა პოპულარობამ ნინგი ჩინეთის ელ. კომერციის მაგნატზე, Alibaba-ს თანადამფუძნებელ ჯეკ მაზე უფრო მდიდარი გახადა. ამჟამად Pop Mart-ის CEO ქვეყნის რიგით მე-14 უმდიდრესი ადამიანია, ჯეკ მა კი - მე-7.
რეიტინგში ცვლილება ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე დალისტული Pop Mart-ის აქციების სულ მცირე 20%-ით გაუფასურებას უკავშირდება, 28 აგვისტოს "ლაბუბუ 4.0" სერიის გამოშვების შემდეგ; საუბარია $11-ის ღირებულების მინი-ლაბუბუზე, რომელსაც 28 სხვადასხვა ფერის ვერსია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მინი-ლაბუბუები კვლავ იყიდება ჩინური ელ.კომერციის პრემიუმ პლატფორმებზე გადამყიდველების მიერ, ფუფუნების საგნებთან ერთად, ახალი სათამაშოების გასაყიდი ფასი აგვისტოს ბოლოდან 14.%-ით შემცირდა. მეორეული გაყიდვების პლატფორმაზე სათამაშოს გაიაფება კი ინვესტორებს აფიქრბინებთ, რომ ლაბუბუზე მოთხოვნა და პროდუქტის ზრდის პროგნოზი შემცირებულია.
ინვესტორთა მდგომარეობას ასევე ვნებს JPMorgan Chase & CO.-ს მიერ კომპანიის აქციათა სტატუსის "ნეიტრალურამდე" შემცირება, რის მიზეზადაც Pop Mart-ის პროდუქტთა პოპულარობის განელება სახელდება.
თავად კომპანიის წარმომადგენელი ლაბუბუს გაიაფებას პროდუქტის წარმოების ზრდასთან აკავშირებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ აქციები მომდევნო თვეების განმავლობაში წნეხის ქვეშ დარჩება და გადაიხედება საპროგნოზო მაჩვენებლებიც.
"ლაბუბუს" შემქმნელი კომპანიის აქციები ეცემა - მიზეზი მოთხოვნის შემცირებაა


























