ლაგოდეხის უნიკალური ეკოსისტემის მახლობლად, დაცულ ტერიტორიებთან, 2025 წლის მარტიდან ინოვაციური ეკოსკოლა და ბუნების შემეცნებითი სივრცე – „ჰაბიტატი“ ფუნქციონირებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ფარნაოზ მარღანია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, „ჰაბიტატი“ აერთიანებს საცხოვრებელ კოტეჯებს, co-working სივრცესა და სათბურებს. კამპუსი საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და ეკოლოგიური კომპონენტების ერთობლიობით ადამიანებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ დაეუფლონ გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპებს.
მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების სტუმრები პროფესიული და სამოყვარულო კურსების გავლით სწავლობენ ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებას. გარდა ამისა, აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოცდილების გაზიარებასა და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას.
„თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას ერწყმის - კამპუსი აერთიანებს საცხოვრებელ კოტეჯებს, სათბურებსა და სანერგეს. კურსების ნაწილი თბილისში ტარდება, ხოლო საველე სამუშაოები ძირითადად ლაგოდეხში, ჩვენს კამპუსში მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეუფლებიან ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ლანდშაფტის დიზაინი, მებაღეობა და სხვა. პერიოდულად ვატარებთ თემატურ ექსპედიციებსაც, მაგალითად, ახლა ექსპედიცია „ირმების მყვირალობა“ იგეგმება”, - აცხადებს მარღანია.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის მარტიდან დღემდე “ჰაბიტატმა” დაახლოებით 50 ადამიანი გადაამზადა, სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაში. კურსების ღირებულება 700-დან 2,500 ლარამდე მერყეობს, რომელიც დამოკიდებულია სასწავლო პერიოდსა და კურსის ტიპზე. ხოლო, მონაწილეთა უმეტესობას, საშუალო ასაკის ადამიანები წარმოადგენენ.
„კამპუსში ერთდროულად 16 ადამიანის განთავსება შეგვიძლია. სწავლა ჯგუფურად მიმდინარეობს. ხშირია მოთხოვნა ე.წ. თიმ ბილდინგებზე, მაგრამ იმის გამო, რომ დიდ ჯგუფებს ვერ ვიღებთ, ხშირად გვიწევს უარის თქმა.
გაფართოება ჩვენს დღის წესრიგშია და მას შემდეგ, რაც საბანკო ვალდებულებებს შევამცირებთ, ამ მიმართულებითაც გადავდგამთ ნაბიჯებს“, - განმარტავს ფარნაოზ მარღანია.
აღსანიშნავია, რომ „ჰაბიტატს“ საკუთარი სანერგეც აქვს, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა საჭიროებებისთვის აწარმოებენ დეკორატიულ მცენარეებს. თუმცა, კომპანიის გეგმის თანახმად, 2026 წლიდან თბილისში სავაჭრო სივრცის გახსნაა დაგეგმილი, სადაც მომხმარებლებს ლაგოდეხის სანერგეში გამოყვანილი მცენარეების შეძენა შეეძლებათ.




























