ლაგოდეხში, ჯანელიძის ქუჩაზე სახელმწიფო 18 479 კვ.მ-ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ექვს შენობა-ნაგებობას ყიდის.
ელექტრონული აუქციონის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიწის საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარია. სავაჭრო ბიჯის ოდენობა - 5 000 ლარი. აუქციონი, რომელიც 2 აპრილს გამოცხადდა 16 აპრილს დასრულდება და მასში გამარჯვებულ კომპანიას გარკვეული პირობის დაკმაყოფილება მოუწევს. კონკრეტულად კი:
"პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის დემონტაჟს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით) მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება" - წერია ელექტრონული აუქციონის პირობაში.