ჯანდაცვის სამინისტრომ ლაგოდეხის კლინიკისთვის რენტგენის აპარატი შეიძინა, რომლის განთავსების პირობები დაწესებულებას არ ჰქონდა – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტს ეხება.
სწორედ აპარატის შესყიდვის შემდეგ გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვა რენტგენის განსათავსებელი ფართის სარემონტო სამუშაოებისთვის. შესაბამისად, აპარატი ექსპლუატაციაში გაუშვეს მისი მიწოდებიდან 8 თვის შემდეგ.
“ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 8 თებერვალს ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულებისათვის შეისყიდა რენტგენოგრაფიული სისტემა, სახელშეკრულებო
ღირებულებით − 169,980 ლარი. საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრა 90 კალენდარული დღე, მიმწოდებელმა კი საქონელი მიაწოდა ერთი თვით ადრე, 2018 წლის 10 აპრილს. თუმცა, აღნიშნული პერიოდისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არ არსებობდა რენტგენოგრაფიული სისტემის ინსტალაციის პირობები, რის გამოც შესყიდული აპარატი დროებითი შენახვის უფლებით ჩაბარდა მიმწოდებელს. მხოლოდ 2018 წლის 3 მაისს გამოცხადდა ტენდერი რენტგენის განსათავსებელი ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. ფაქტობრივად, აპარატი ექსპლუატაციაში გაუშვეს 2018 წლის 5 ოქტომბერს, მისი მიწოდებიდან 8 თვის შემდეგ, შესაბამისად, უწყებებს შორის ვერ განხორციელდა ეფექტიანი კოორდინაცია და ვერც შესყიდვების მართვის პროცესი წარიმართა ეფექტიანად, საჭირო აპარატურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით”,– ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.




























