მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხში ინფრასტრუქტურული პრობლემების მიუხედავად, 4.6 მლნ ლარი ვერ დახარჯეს - აუდიტი

5e2211e99bbab
თამთა ჯიჯავაძე
18.01.20 12:10
1562
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ანგარიშზე თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები, რაც შეეძლო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაეხარჯა, თუმცა მერიამ ვერ უზრუნველყო არსებული ფულადი სახსრების გამოყენება პრობლემების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საუბარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული მიანიშნებს მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან განკარგვაზე.

"2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით,მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით ერიცხებოდა 1,524.3 ათასი ლარი, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტით დაიგეგმა 1,436.1 ათასი ლარის ხარჯვა. 2017 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების მატებამ 204.8 ათასი ლარი შეადგინა და წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი 1,729.1 ათასი ლარი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი − 752.0 ათასი ლარი, რაც ძირითადად, ტენდერებში მიღებული ეკონომიით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომია გროვდება წლის განმავლობაში. შესაბამისად, მერიას შეეძლო ამ თანხებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 1,729.1 ათასი ლარის ნაშთის გამოყენება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ შეადგინა 2,920.5 ათასი ლარი, ხოლო წლის ბოლოს არსებულმა ნაშთმა − 4,649.6 ათასი ლარი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი 1,818.4 ათასი ლარია. 2018 წლის თავისუფალი ნაშთი მოიცავს ქონების გადასახადიდან მიღებულ დაუგეგმავ შემოსავლებს, ასევე სატენდერო, სუბსიდიის და სხვა მუხლებიდან მიღებულ ეკონომიას. როგორც მონაცემებიდან ჩანს, საბიუჯეტო სახსრების ათვისების მაჩვენებელი დინამიკაში წლიდან წლამდე უარესდება, რაც მმართველობითი გადაწყვეტილებების არაეფექტიანობაზე მიანიშნებს", - წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შეეძლო 2017-2018 წლებში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენების სათანადო დაგეგმვა და დროული გამოყენება, მაგრამ აღნიშნული ქმედებები არ განუხორციელებია.

ამასთან, აუდიტის სამსახური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს აძლევს რეკომენდაციას, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც მიმართული იქნება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებაზე. კერძოდ, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტმა საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები