მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ყოველთვის იქნება საცურაო აუზი - გიორგი ტყემალაძე

ლაგუნა

ლაგუნა ვერეს ტერიტორიის რეაბილიტაცია არის განსაზღვრული და იქ ყოველთვის იქნება საცურაო აუზი - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეაბილიტაციას ვინც არ უნდა ახორციელებდეს - იქნება ეს მუნიციპალიტეტი თუ კერძო ინვესტორი - ეს ტერიტორია ყოველთვის შეინარჩუნებს გამაჯანსაღებელი სპორტული ობიექტის სტატუსს. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ყოველთვის კრიტიკის ობიექტი ხდება.

„როცა საუბარია, რომ ობიექტი მუნიციპალიტეტს გადმოეცემა და მუნიციპალიტეტმა უნდა გააკეთოს რეაბილიტაცია, იმ წუთშივე ხდება ოპონირება, რომ მესაკუთრემ გადმოსცა და ახლა მუნიციპალიტეტმა უნდა დახარჯოს მილიონები. როცა საუბარია, რომ მესაკუთრე თვითონ მოახდენს ამის რეაბილიტაციას, საუბარია, რომ აი, მესაკუთრემ არ გადმოსცა მუნიციპალიტეტს. ეს უკვე პოლიტიკური დღის წესრიგია“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მთავარი მისთვის ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არცერთი სპორტული ინფრასტრუქტურის სხვა ფუნქციით ჩანაცვლება თუ განვითარება არ მომხდარა. „და არც მოხდება“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

თბილისის საკრებულომ 25 აგვისტოს, გამართულ რიგგარეშე სხდომაზე რამდენიმე მასშტაბურ საცხოვრებელი კომპლექსისა და ცათამბჯენის პროექტს უყარა კენჭი. მათ შორის იყო “ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსის, ვაკეში 169-სართულიანი სპორტის უნივერსიტეტისა და ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობები. ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ტერიტორია შპს “ნეო სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა. უცნობია რამდენი ათეული მილიონი დოლარია აღნიშნული გარიგების ღირებულება. ტერიტორია მოიცავს ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხანას. ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი პარტნიორი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია.

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს",- ნათქვამია „ნეო სითი დეველოპმენტი“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.