მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლამარია" თაფლის ბიო მეურნეობის შექმნას გეგმავს

ლამარია

თაფლის მწარმოებელი კომპანია "ლამარია", თაფლის ბიო მეურნეობის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან შპს "ლამარია ჰანის" დირექტორმა, ლევან ბიგვავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბიო მეურნეობისთვის საჭირო ადგილმდებარეობა უკვე ნაპოვნია. ის ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე, მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტში უნდა განთავსდეს.

კომპანიის დირექტორის ცნობით, თაფლის ბიო მეურნეობის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელსვე უნდა დაიწყოს, თუმცა დასრულების ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.

"ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, სადაც იდეალური ეკოსისტემაა ბიო მეურნეობის განსავითარებლად. ადგილზე მრავლად არის წაბლის ხეები და სწორედ ბიო წაბლის თაფლი პირველად გვექნება.

საწყის ეტაპზე, ამ მიმართულებით ვგეგმავთ, 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ჩვენი განვითარების გეგმის შესაბამისად, თაფლის ბიო მეურნეობის განსავითარებლად ვაპირებთ, მაღალმთიანი აჭარის უნიკალური ეკოსისტემა მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - აცხადებს ბიგვავა.

ინფორმაციისთვის, კომპანია "ლამარია" 2021 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით, 4 სახეობის თაფლს, კერძოდ აკაციას, წაბლის, წაბლისა და ცაცხვის (მიქსი) და ალპურ თაფლს ამზადებენ. რაც შეეხება დასაქმებულებს, ამ ეტაპზე, კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული. მათი საწარმო ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ხოლო ოფისი თბილისშია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები