„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე საუბარს სისულელეს და ყალბ ნარატივს უწოდებს. მან ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს ისაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია, რისი საფრთხეც იზრდება, როდესაც ქვეყანა იზოლაციას ირჩევს.
BMG დაინტერესდა, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, რამდენად ელიან ეკონომიკურ კრიზისს "ქართულ ოცნებაში". მამუკა მდინარაძე მთავარ არგუმენტად, რის გამოც კრიზისს გამორიცხავს, ეკონომიკურ ზრდას ასახელებს. ის ამბობს, რომ "ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში არ შეიძლება ეკონომიკურ კრიზისზე სერიოზულად ილაპარაკო".
"ლამის ორნიშნა ეკონომიკური წინსვლა გვაქვს და ეკონომიკური კრიზისი როგორ უნდა დადგეს, რა სისულელეა. ქვეყანაში, სადაც არის ეკონომიკური წინსვლა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ზღვარზე რომ ვართ, რა კრიზისზეა ლაპარაკი?!", - თქვა მდინარაძემ.