ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული $20-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა.
აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 2.39 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.0404 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით კურსის ცვლილებამ 4.92 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ფასი 3.4177 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან კი გამყარება 5.4 თეთრი იყო და ახალი კურსით ერთი ფუნტის ფასი 3.8187 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ $20 მილიონი დოლარი შეადგინა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 6 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც ოთხი $40 მილიონი დოლარის, ორი კი $20 მილიონი დოლარი იყო.
ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა $209.65 მილიონი დოლარი გაყიდა.




























