2 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4343 ლარი გახდა. ამ გამყარების მიუხედავად, ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0446 ლარი გახდა.
დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.56 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4267 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.20 თეთრით გაიზარდა და 4.7520 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 აპრილიდან შევა ძალაში.
ცნობისთვის: სებ-მა გუშინ გასაყიდან $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა ბაზარზე შესაბამისი მასშტაბის მოთხოვნა არ არსებობდა, რის გამოც მხოლოდ $27.5 მილიონი დოლარი გაიყიდა. ეს 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $187.5 მილიონი დოლარი გაყიდა.
რამდენიმე დღის წინ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.
"გასულ წელს ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვები დავხარჯეთ და ჩვენ ამ წელსაც დავხარჯავთ. იმ დღეებშიც ვხარჯავთ, როდესაც არ ქვეყნდება ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია, რადგან გვაქვს შესაბამისი მექანიზმი. ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორგამად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.




























