პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ლარის გამყარება აბსოლუტურად ბუნებრივია და ეს ეკონომიკის გახსნას თან ახლავს. მან საკითხზე BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
ბოლო 15 დღის განმავლობაში ლარი 23 თეთრზე მეტით გამყარდა და ამჟამად ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.15 ლარია.
„ლარის გამყარება აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან ეს არის ის პროცესი, რომელიც ეკონომიკის თანმიმდევრულ გახსნას ახლავს წინ. ლარი გამყარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ მოლოდინებს და განწყობებს, რაც არის კერძო სექტორისგან და საზოგადოებისგან და ჯამში ეკონომიკის გახსნასთან მიმართებით. ზუსტად ამ განწყობებმა შექმნა ის მოცემულობა, რაც დღეს არის. მას შემდეგ, რაც ეკონომიკა თანმიმდევრულად იხსნება, ლარის გამყარება ახლავს თან“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
კითხვაზე, რაში ხედავს ის მთავრობის როლს, დეპუტატი პასუხობს, რომ მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ პოლიტიკას როგორც ეკონომიკის გახსნის, ისე თანმიმდევრული პოლიტიკის კუთხით.
„მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ პოლიტიკას ეკონომიკის გახსნის მიმართულებით. ეს თანმიმდევრული მოქმედებები და პოლიტიკა არის შედეგი იმისა, რომ ლარი მყარდება. ასევე ნდობა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ეკონომიკის გახსნა მიმდინარეობს თანმიმდევრულად, შესაბამისად, განწყობები იმისა, რომ ეკონომიკის აღდგენა წავა სწრაფი ტემპით არის პოზიტიური და ზუსტად ამიტომ, ყველაფერმა ერთად გამოიწვია ლარის გამყარების პროცესი. ლარის გამყარების პროცესი თან ახლავს ეკონომიკის გახსნას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში.
„ეკონომიკის ზრდა არის მიბმული იმ აქტივობებზე, რომელსაც იწვევს კერძო სექტორი და ეს არის მიბმული იმ განწყობებზე და მოქმედებებზე, რაც მთავრობის მხრიდან ხორციელდება. ეკონომიკის გახსნა ერთი მხრივ არის, რომ გააქტიურდა ეკონომიკური აქტივობები, რაც ზრდის ვაჭრობას და სხვადასხვა სექტორების მიხედვით აქტიურდება ეკონომიკა. მეორე მხრივ ვალუტამ დაიწყო ქვეყანაში შემოდინება და თავისთავად ცხადია, რომ ესეც ხელს უწყობს ლარის გამყარებას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.




























