საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ცენტრალური აპარატების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ განკარგულებები გამოსცა.
განკარგულებების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 220 ადამიანია დასაქმებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი - 226.
რაც შეეხება ხელფასებს, „ოცნების“ ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ყოველთვიური ანაზღაურება 1 იანვრიდან 12 410 ლარია. მისი პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის ანაზღაურება განსაზღვრულია 10 950 ლარით, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილისთვის (გენადი არველაძე, მარიამ ქვრივიშვილი, გურამ გურამიშვილი, ვახტანგ ცინცაძე, ირაკლი ნადარეიშვილი) ყოველთვიური ანაზღაურება 1 იანვრიდან 10 585 ლარია.
ანალოგიური რაოდენობების თანამდებობრივი სარგოებია გათვალისწინებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. მინისტრ დავით სონღულაშვილის ყოველთვიური ანაზღაურებაც 12 410 ლარი იქნება. მის პირველ მოადგილეს - ნინო თანდილაშვილს 10 950 ლარი, ხოლო დანარჩენ მოადგილეებს - სოლომონ პავლიაშვილს, აპოლონ კაკაბაძეს, იური ნოზაძეს - 10 585 ლარი აქვთ ანაზღაურება.
შესაბამისი განკარგულებები ვრცელდება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო. კანონით, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდა და ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრა.
მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 14 600 ლარია - მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 12 410 ლარი.
ხარჯების ზრდა უკვე გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში.