მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ხარვეზები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა სსიპ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოში? - ანგარიში

აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ეკონომიკური პროგრამების სააგენტოში პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა ხარვეზები და ნაკლოვანებები შრომის ანაზღაურების, უძრავი ქონების, სახელმწიფო შესყიდვების და შიდა კონტროლის სისტემების მიმართულებით.

დოკუმენტში, რომელიც 2022, 2023 წლებს აფასებს, აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების/წარდგენის ნაკლოვანებები, ასევე, შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძვლის ნაკლოვანებები.

"სააგენტოში არ იწარმოებოდა ნამუშევარი საათების აღრიცხვის ტაბელი, ასევე თანამშრომლებზე გაიცა ფულადი ჯილდო, თუმცა ნორმატიული აქტით მოთხოვნილი შეფასების დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, სააგენტოს ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა თანამშრომელთა მოძრაობის აღრიცხვის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლების სრულყოფილ დოკუმენტირებას, რაც შეიცავს შრომის ანაზღაურების არასწორად აღრიცხვისა და გაცემის რისკებს",- წერია აუდიტის ანგარიშში.

რაც შეეხება უძრავი ქონების მართვის ხარვეზებს, ირკვევა, რომ იჯარით გაცემული უძრავი ქონებიდან, ორ შემთხვევაში მოიჯარის მიერ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ფართები სხვადასხვა კერძო სამართლის სუბიექტზე ქვეიჯარით იყო გაცემული. ასევე: ფიქსირდება ერთი შემთხვევა, როცა სააგენტოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ იყო განთავსებული კერძო პირის კუთვნილი ფუტკრის სკები. შესაბამისად, აუდიტის შეფასებით, დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ გამოყენების რისკები.

აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ იქმნება სააგენტოსადმი მიყენებული ფინანსური ზიანისა და უძრავი ქონების არამიზნობრივად გამოყენების რისკები.

"სააგენტოს მიერ იჯარით გაცემული უძრავი ქონებიდან, 5 შემთხვევაში მოიჯარის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. სააგენტო უფლებამოსილი იყო მოიჯარეებისათვის დაერიცხა 8,882 ლარის პირგასამტეხლო დადგენილი ნორმების მიხედვით, თუმცა სააგენტოს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. ასევე: სააგენტოს მიერ ბენეფიციარებზე გაცემულ სასათბურე კონსტრუქციებზე საიჯარო დავალიანება შეადგენდა 7,840 ლარს",- წერია დასკვნაში.

აუდიტის სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს შრომითი ხელშეკრულებების ნაკლოვანებებზე. გამოიკვეთა, რომ შრომითი ხელშეკრულებებიდან რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოების აღწერილობები იყო ზოგადი ხასიათის და შეუძლებელი გახდა კონკრეტული სამუშაოების მოცულობის, რაოდენობის და მასშტაბის იდენტიფიცირება. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირს. ამასთან, სააგენტოში მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით 2022-2023 წლებში დასაქმებული იყო, შესაბამისად, 58 და 59 შტატგარეშე თანამშრომელი, რაც 2,1-ჯერ აღემატებოდა შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას.

აკლოვანებები გამოვლინდა პროგრამების შესრულებაშიც. მათ შორის, აუდიტმა დაადგინა, რომ ქვეპროგრამების ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარებიდან, 5 შემთხვევაში ვერ დასტურდება გადაცემული აქტივების გამოყენება პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად.

ამასთან, სააგენტოში გარკვეულ პერიოდში არ იწარმოებოდა სამორიგეო ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი, რის გამოც ვერ დასტურდება ავტომობილების სამსახურებრივი მიზნობრიობით გამოყენება.

ცნობისთვის, სსიპ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილია. სააგენტოს პროგრამები კი შემდეგია:

  • „დასაქმების ხელშეწყობა“
  • „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურება“
  • „ეკონომიკური მომსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“
  • „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურების“ ქვეპროგრამა
  • „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ ქვეპროგრამა
  • „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები