მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარის გამყარების ფაქტორები

61b6271f5485c
ეგნატე შამუგია
14.12.21 08:40
2071
მიმდინარე წელს ლარს ნომინალური გაცვლითი კურსის პოზიცია გამოკვეთილად მყარია. საქართველოს სავაჭრო კალათის მიხედვით, შერჩეულ ათ ვალუტას შორის, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ყველაზე მეტით, 6%-ითაა გამყარებული. ეს კი ბოლო წლებში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურებების შემდეგ, აღსანიშნავი ნიშნულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამეზობლოსა და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებს გაუფასურება ახასიათებთ. მათ შორის, ანტირეკორდებით გამორჩეული თურქული ლირაა, რომლის ნომინალური გაცვლითი კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი და არაორდინალური ცვლილებები მკაფიოდ აისახა. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, თურქული ვალუტა 86.10%-ითაა გაუფასურებული, რაც ნოემბერში 41.28%-იანი გაუფასურებით გამორჩეოდა. ეს პერიოდი ლარისთვისაც გამორჩეული იყო, რადგან სამეზობლოდან მხოლოდ ეს უკანასკნელი იყო, 1.27%-ით, გამყარებული. ამავე პერიოდში რუსული რუბლი (3.62%) და სომხური დრამი (2.10%) კი - გაუფასურებული. ამ გარემოების ფონზე აღსანიშნავია ცენტრალური ბანკის პოზიცია, რომ სამეზობლოს ვალუტების გაუფასურება ადგილობრივი ფულის ერთეულის გაუფასურებაზე აისახება. მაგალითად, გასულ წელის აგვისტოს დასაწყისში ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის მმართველი სწორედ თურქული ლირის გაუფასურებით ხსნიდა. წინა წელს ასეთივე პოზიცია ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს, როცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზედიზედ სამი გადაწყვეტილებით შემცირდა. მიმდინარე წელს კი ლირის გაუფასურების მასშტაბი გაცილებით დიდია, მაგრამ ამავე პერიოდში ლარი გამყარების პოზიციებს იკავებს. ამდენად, ხსენებულ მოსაზრებას არანაირი ემპირიული მხარდაჭერა არ გააჩნია და უფრო მეტიც, განვითარებული პროცესები მსგავსი კავშირის არარსებობაზე მიუთითებს.
 
ფიგურა 1: გაცვლითი კურსის ცვლილება დოლართან მიმართებით, 30.11 / 01.11 (%)
წყარო: ბლუმბერგი

ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაშია ჩართული, ადგილობრივი ვალუტის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანია. ადგილობრივებისთვის უცხოურ ვალუტა შუალედური პროდუქტია. იმისათვის, რომ შევიძინოთ მანქანა, ელექტრო ტექნიკა, მოვუსმინოთ მუსიკას, ვისარგებლოთ კომპიუტერული პროგრამებით, ჯერ საჭიროა შევიძინოთ დოლარი და შემდეგ შეგვიძლია საქონელი და მომსახურების ფლობა. გაცვლითი კურსის ნიშნული კი ფასია, რომელიც თავისუფალი გაცვლის პირობებში ბაზარზე დგება და არსებობს ორი მხარე - მოთხოვნა და მიწოდება. შესაბამისად, ლარში დოლარის ფასი სწორედ მოთხოვნა-მიწოდების გადაკვეთაა. თავის მხრივ, ორივე მხრიდან ლარის გაცვლითი კურსზე მოქმედი ფაქტორები უამრავია, რომელთა ნაწილის იდენტიფიცირება, ხოლო ნაწილის გაზომვა შეუძლებელია. თუმცა, არსებობს რიგი ფაქტორები, როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მხრიდან, რომელთა ნახვა სტატისტიკური მაჩვენებლების სახით შეიძლება. მოთხოვნის მხრიდან ადვილად დასანახი წინა და მიმდინარე პერიოდის მონეტარული პოლიტიკაა. თუ ეკონომიკაში ფული მასა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ინდივიდებს უფრო მეტი ლარის ერთეული გააჩნიათ, რასაც, ან მოიხმარენ, ან ზოგავენ. მოხმარების შემთხვევაში მათი ნაწილის უცხოურ ვალუტაში კონვერტირებაა საჭირო, რადგან ადგილობრივი მოხმარების საშუალოდ ½ იმპორტირებული საქონელი და მომსახურებაა. დაზოგვის შემთხვევაშიც კი ადამიანები უცხოურ ვალუტაში, განსაკუთრებით დოლარში ამჯობინებენ. შესაბამისად, ორივე - მოხმარება იქნება ეს თუ დაზოგვა, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტისადმი მოთხოვნა იზრდება. უცხოური ვალუტისადმი მოთხოვნა კი, სხვა თანაბარ პირობებში, ფასის ზრდაზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე აისახება. შემცირება კი, პირიქით, გამყარებაზე. თუკი მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, სხვა თანაბარ პირობებში, ეს ლარის გამყარებაზე აისახება, რადგან ლარის მიწოდების ტემპი მცირდება. ამ მხრივ, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მარტიდან მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს ამკაცრებს. ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ამ დროისთვის ბოლო ათწლეულის მაქსიმუმზე, 10.5%-ზეა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კურსისთვის პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის, მაგრამ ლარის ბოლოდროინდელ გამყარებაში უფრო მეტად თვალსაჩინო მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია.

ფიგურა 2: ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიური ზრდა, წინა პერიოდი (%)
წყარო: ეროვნული ბანკის საგარეო სექტორის სტატისტიკა

ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი თავად უცხოური ვალუტის (განსაკუთრებით დოლარის) მიწოდებაა. თუ ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ნაკადები და შესაბამისად მოცულობა იზრდება, ეს, სხვა თანაბარ პირობებში, ფასის შემცირებაზე - კურსი გამყარებაზე აისახება და პირიქით, თუ უცხოური ვალუტა მცირდება - გაუფასურებაზე. საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი წყარო საქონელი და მომსახურების ექსპორტი, ფულადი გზავნილები, უცხოური ინვესტიციები და კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდული რესურსებია. მიმდინარე წელს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები პანდემიამდე არსებულ ნიშნულებს სწრაფად უბრუნდება და რიგ შემთხვევაში უკვე გასცდა. აღსანიშნავია, რომ საქონელი და მომსახურების ექსპორტი ზრდის დინამიკა უფრო მაღალია, ვიდრე იმპორტის. მაგალითად, ოქტომბერში, წინა პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 10.1%-ით გაზრდილია, როცა ამავე პერიოდში იმპორტი 3.1%-ით შემცირებულია. აღნიშნული კი ლარის გაცვლით კურსზე დადებითად აისახება, რადგან ასეთ პირობებში უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადები უფრო მეტია, ვიდრე იმპორტისთვის გასავალი. გარდა აღნიშნულისა, საგარეო სექტორიდან ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმია. ქვეყანაში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყარო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია, რომლის აღდგენის დინამიკა განსაკუთრებით მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მზარდია. ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 142.3 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც პანდემიამდე, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ჯერ კიდევ 46.7%-ით ჩამორჩება. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 49.2% იყო. შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა გაცვლით კურსზე დადებითად აისახება.

ფიგურა 3: მთლიან ეკონომიკაზე გაცემული სესხების ყოველთვიური ზრდა, წინა პერიოდი (%)
წყარო: ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო სტატისტიკა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უცხოური ვალუტის წყარო კომერციული ბანკების მიერ მოზიდული უცხოური რესურსებია, რომლის საშუალებით, მთლიანი ეკონომიკის დაკრედიტება ხდება. საქართველოში მთლიანი დაკრედიტების საშუალოდ 55.7% უცხოური ვალუტით სესხებია, რომელიც ადრეულ პერიოდში, ეროვნული ბანკის დე-დოლარიზაციის პოლიტიკის დაწყებამდე, შედარებით მაღალი იყო. მიმდინარე წელს კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიწოდების მხრიდანაც აისახა. ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, თუმცა დაკრედიტების ტემპი თითქმის უცვლელია. პარალელურად უცხოურ ვალუტაში სესხები მკვეთრად გაიაფდა, რაც უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის სწრაფ ზრდაზე აისახა. აღნიშნული კი ლარის ნომინალური გაცვლით კურსზე დადებითად, გამყარების კუთხით აისახება. თუ კომპანიები და შინამეურნეობები სესხებს არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში აიღებდნენ, ეს კურსი გაუფასურებაზე - უცხოური ვალუტის გაძვირებაზე აისახებოდა, რადგან ასეთ დროს ვალუტაზე, განსაკუთრებით დოლარზე მოთხოვნა იზრდება.

ამდენად, ლარის გაცვლით კურსზე ორივე - მიწოდების და მოთხოვნის მხრიდან უამრავი ცვლადი მოქმედებს. არსებული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარება დიდწილად მიწოდების მხარეს - უცხოური ვალუტის ნაკადების ზრდას უკავშირდება. ეს კი ძირითადად ექსპორტის და უცხოური ვალუტით სესხების მზარდ დინამიკაში ვლინდება. პარალელურად, მოთხოვნის მხრიდან აღსანიშნავია, რომ იმპორტის ტემპი კლებადია. ექსპორტის ზრდა და იმპორტის კლება, სხვა თანაბარ პირობებში, ლარში დოლარის გაიაფებაზე - გაცვლითი კურსის გამყარებაზე აისახება. მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის მიუხედავად ლარის მიწოდების ტემპი არ შემცირებულა, მაგრამ არც გაზრდილა. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიდან უცხოური ვალუტის ნაკადების ტემპი მკვეთრად გაზრდილია, როცა ლარი მიწოდების ტემპი თითქმის უცვლელია. აღნიშნული გავლენა კი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებისკენაა მიმართული.

<ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, BMG-ის რედაქციის პოზიციას არ ემთხვეოდეს>

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები