მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს და ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მტკივნეული საკითხიცაა. თუ საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" სტატისტიკას ჩავხედავთ, მოსახლების ორი მესამედი მედიკამენტებს ჯიბიდან გადახდილი თანხებით ყიდულობს, ხოლო თითქმის ერთი მესამედისთვის ეს გადახდების კატასტროფულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
იმპორტირებული მედიკამენტების ადგილობრივი ფასის მთავარი მდგენელი ლარის კურსია. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კი მწარმოებლებს ფასების გაძვირებისკენ უბიძგა. ამას დაემატა გაძვირებული ტრანსპორტირებაც.
კონკრეტული პასუხის გაცემა, მოხდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების კორექტირება, ფარმაცევტულ კომპანიებს უჭირთ. როგორც PSP ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, ამ გადმოსახედიდან მოხდება თუ არა ფასების დასტაბილურება, დღეს რთული საპროგნოზოა.
მეორე ფაქტორად, რაც ხარიხიანი წამლების ფასების შემცირების წინაპირობაა, კახა ოქრიაშვილი ადგილობრივი წარმოების განვითარებას ასახელებს, რისი ხელშეწყობაც არც აქამდე და არც დღეს არ ხდება.
“თითქმის ყველა მედიკამენტის ფასი დოლარში და ევროში რაც 2012 წელს იყო, დღესაც იგივეა. თუმცა ლარის გაუფასურების გამო ფასები 2-ჯერ მაინც არის გაზრდილი ლარში. თუ ერთი დოლარის ღირებულება 1.65 იქნება, მედიკამენტების ფასი იქნება ორჯერ ნაკლები, თუ იქნება პირობითად 6 ლარი, რაც ამ მთავრობის პირობებში შესაძლებელია, მედიკამენტები 2-ჯერ მაინც გაძვირდება. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მეორე მექანიზმი არის ის, რაც თურქეთის მთავრობამ გააკეთა. ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარება. ეს იმისთვის, რომ ხარისხიანი მედიკამენტების ღირებულება იყოს უფრო ხელმისაწვდომი. თუ ეს ხელშეწყობა იქნებოდა აქამდე, უკეთესი ფასები გვექნებოდა ხარისხიან მედიკამენტებზე. დღეს საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ბაზრის წილი არ აღემატება 7-8%-ს, არადა უნდა იყოს 50%-ზე მეტი, რაც თურქეთმა გააკეთა და რასაც უკრაინა აკეთებს, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს", - ამბობს კახა ოქრიაშვილი.