მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარის გაუფასურების პირველი კვირა - სავალუტო მიმოხილვა (11.02 – 18.02)

6212bf1a082f4
ეგნატე შამუგია
21.02.22 08:00
5944
თუკი წლის დასაწყისიდან ზედიზედ ექვსი კვირა ლარის ნომინალური კურსი მყარდებოდა, გასულ კვირა მდგომარეობა შეიცვალა - ლარი გაუფასურდა. მიუხედავად გაუფასურებისა, ის კვლავ 3.0-იან ნიშნულზე დაბლაა. ასეთი ნიშნულზე ლარის კურსი 2020 წლის ივნისის შემდეგ აქამდე არ ყოფილა, რადგან 3.0-ს აჭარბებდა.
 
მიმდინარე თვის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.975 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.943-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.09%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის მეექვსე სავაჭრო კვირას 1.08%-ით იყო გამყარებული. როგორც აღვნიშნეთ ლარი წლის დასაწყისიდან მყარდებოდა და მიუხედავად გასული კვირის გაუფასურებისა, ის სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის გამორჩეულია, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, 3.66%-ითაა გამყარებული. თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას კი უკრაინული გრივნას შემდეგ ყველაზე მეტით იყო გაუფასურებული.

გასულ კვირას უკრაინული ვალუტის გაცვლითი კურსი 1.17%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.16% იყო. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტით, 4.07%-ით სწორედ გრივნაა გაუფასურებული. მათ შორის, იანვარში უკრაინული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.00%-ით გაუფასურდა. გრივნის ამგვარი მდგომარეობა გასაკვირი არ არის უკრაინის გარეშემო არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. კერძოდ, რუსეთის მიერ საზღვართან ჯარების განთავსება და ომის მოლოდინი არსებითად აუარესებს ეკონომიკური გარემოებას. ამ პერიოდში რუსული რუბლიც გაუფასურებულია, მაგრამ შედარებით ნაკლებით, 1.74%-ით. თუმცა, იანვარში რუსული ვალუტა 3.66%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას კი რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, ყველაზე მაღალი ნიშნულით, 1.71%-ით გამყარდა.

თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას ლარი და გრივნის გარდა, სამეზობლოდან კიდევ ერთი, თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. კერძოდ, გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 0.97%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.43%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თურქული ვალუტა 3.76%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში, კიდევ ერთი მეზობელი - სომხეთის ეროვნული ფულის ერთეული 0.53%-ითაა გამყარებული, რომელიც გასულ კვირას მცირედით, 0.19%-ით გამყარდა. წინა კვირას კი სომხური დრამი 0.36%-ით იყო გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 11.02 – 18.02 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 14.02 – 18.02-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

წინა პერიოდთან შედარებით ლარი შედარებით არასტაბილური იყო. თუკი თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.39%-ით იხრებოდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას შედარებით დაბალი, 0.48% იყო. მიმდინარე თვის პირველ სავაჭრო კვირას კი ლარის მერყეობა 0.97%-ს შეადგენდა. რაც შეეხება იანვრის სავაჭრო პერიოდს, გასული თვის ბოლო სავაჭრო კვირას მერყეობა 0.36%-ს აღწევდა, ხოლო იანვრის სამი კვირა მერყეობა 0.09% -0.16% შუალედში იყო.

თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას ლარზე უფრო მაღალი მერყეობა კიდევ ორ ვალუტას ახასიათებდა. გასულ კვირას რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.74%-თ იხრებოდა, რომელიც კვირის მანძილზე ყველაზე მეტით, 1.71%-ით გამყარდა. ამ პერიოდში უკრაინული გრივნა ყველაზე მეტით გაუფასურდა, ხოლო მისმა მერყეობამ 0.50% შეადგინა. თებერვლის მესამე კვირის მანძილზე შედარებით დაბალი მერყეობით სომხური დრამი და თურქული ლირა გამოირჩეოდა, რადგან მათი ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.11% - 0.11%-ებით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 11.02/18.02 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის გაცვლითი კურსი ტენდენცია არამხოლოდ დოლართან მიმართებით, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთანაც შეიცვალა. მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან უმეტესთან მიმართებით გაუფასურებული იყო, ხოლო მეორე კვირას კი - უმეტესთან გამყარებული. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი, შერჩეული ვალუტებიდან ხუთთან გამყარებული იყო, ხოლო დანარჩენ ხუთთან კი - გაუფასურებული. გასული თვის ბოლო კვირას კი - ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული. ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ამგვარი ტენდენცია თებერვლის პირველი ორი სავაჭრო კვირაც გაგრძელდა, მაგრამ მესამე კვირას ლარის გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესთან გაუფასურდა.

გასულ კვირას ლარი მხოლოდ სამ ვალუტასთან, მცირედით გამყარდა. სხვა დანარჩენთან გაუფასურებულია. თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი თურქულ ლირასთან მიმართებით 0.27%-ით გამყარდა, რაც უკრაინული გრივნის და რუსული რუბლის შემთხვევაში 0.17% და 0.06%-ებია. გაუფასურების მხრივ კი, ლარის ნომინალური კურსი საშუალოდ 1.16%-ით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 1.64%-ით იაპონურ იენთან. წინა კვირას კი, ლარი იენთან ყველაზე მეტით, 2.11%-ით იყო გამყარებული. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი იაპონურ ვალუტასთან 3.66%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში ლარი არამხოლოდ იენთან, არამედ სავაჭრო კალთის მიხედვით შერჩეულ ათივე ვალუტასთან გამყარებულია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით უმეტესობასთან გაუფასურდა. შესაბამისად, ამ პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გაუფასურებულია. გასულ კვირას ეფექტური კურსი 0.67%-ით გაუფასურებული, რაც წინა კვირას 1.00%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 4.37%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 25.22%-ია.

თებერვლის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 136.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.85%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეექვსე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.57% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 25.45%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 27.22% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეშვიდე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გამყარებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი იაფდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები