მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური საფუძველი არ გვაქვს - ლევან დავითაშვილი

ვალუტის კურსი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლარის კურსის გაუფასურებას პოლიტიკური პროცესიდან მომდინარე დროებით პროცესად აფასებს.

ლარის გაუფასურებაზე და ეროვნული ბანკის ინტერვენციებზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, დავითაშვილმა თქვა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად, ინტერვენციების სახით სებ-ის ჩარევა ლოგიკურია.

„სებ-ის კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან ლოგიკური იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ჩარევას არ ექნებოდა აზრი, ეს იქნებოდა არაპროდუქტიული, თუ ჩვენ გვექნებოდა ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ასეთი სიტუაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები აისახება მომხმარებლის, მოსახლეობის ქცევაზე. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ გვქონდეს მკაფიო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ეროვნული ბანკის პოლიტიკა თანხვედრაშია იმ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ფუნდამენტური საფუძველი იმის, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს, არ გვაქვს.

პირიქით, წლებია ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან. როდესაც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ვაქვეყნებთ ხოლმე, საქსტატი საუბრობს და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური მაჩვენებლები, ინდიკატორები, რომელიც უკვე კურსის სახით აისახება. როდესაც ამათ შორის სხვაობაა, ეს უკვე მიუთითებს, რომ ეს [გაუფასურება] არის პანიკური და დროებითი. ზოგჯერ იყო მცდელობა განზრახ პანიკის გამოწვევის, ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი დასტაბილურდება. არ მინდა მოსახლეობა შევიდეს შეცდომაში და დაზიანდეს მათი ინტერესი, ხშირ შემთხვევაში ამ პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე და ეს უბრალოდ არაა სასიამოვნო“,- თქვა ლევან დავითაშვილმა.

ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. კერძოდ, 16 მაისის აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაიყიდა, ხოლო 28 მაისის აუქციონზე გამოტანილი 60 მილიონი დოლარიდან 48.7 მილიონი დოლარი გაიყიდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ 14 მაისის შემდეგ ლარის მკვეთრი გაუფასურება ხელოვნურად, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა და საბოტაჟის ნიშნები იყო, თუმცა არ დაასახელა, ვისმა ჩარევამ იმოქმედა ეროვნული ვალუტის კურსზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები