"თუ ეკონომიკა იზრდება, ინფლაცია დაბალია, რეფინანსირების განაკვეთს არ ვზრდით, მაშინ რატომ ყიდის ეროვნული ბანკი დოლარს?", - ამ კითხვით მიმართავს ეროვნულ ბანკს ეკონომისტი დავით მაისურაძე. ის არ გამორიცხავს, რომ ნათია თურნავას ბოლოდროინდელი პოლიტიკა, ლარის კურსის ხელოვნური დასტაბილურება იყოს.
"არჩევნებია, რომელსაც ლარის კურსზე ყოველთვის უარყოფითი გავლენა აქვს. ლარის კურსის გამყარებას სებ-ი ხელოვნურად ცდილობს. ლარის კურსის რყევა კი მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება. რყევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც "რუსული კანონი" დაინიცირდა. მანამდე არსებული რყევები სანქციების რეჟიმთან იყო დაკავშირებული, თუმცა ძირითადი მიზეზი "რუსული კანონია" , - აცხადებს ეკონომისტი.
როგორც დავით მაისურაძე აღნიშნავს, თუ საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მმართველი გუნდი დასანქცირდა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება და ეროვნულ ბანკს რეზერვების დახარჯვა ისევ მოუწევს.
"საერთაშორისო თანამეგობრობა დააკვირდება, არჩევნები რა გარემოში ჩატარდება. თუ უარყოფითი გარემო იქნება, ამას სანქციები მოჰყვება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. ეროვნულ ბანკს მეტი რეზერვის დახარჯვა მოუწევს. ჩვენ რომ წარმოებაზე დაფუძნებული ეკონომიკა გვქონდეს, სანქციების მიმართ უფრო მედეგი იქნებოდა", - აღნიშნა დავით მაისურაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონით დღეს $60 მილიონი გაყიდა, რაც წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობა $173.4 მილიონი დოლარია. ინტერვენციების ეს მასშტაბი რეკორდულია.