მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარის ობლიგაციები უფრო საინტერესოა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, დოლარი/ევროს ემისიები კი ფიზიკური პირებისთვის - თინა სიმონიშვილი

თინა სიმონიშვილი

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს უმიზნებს. ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ყველაზე მეტი 1.4 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, თითქმის 1.2 მილიარდით ლარში დენომინირებული, ხოლო ევროს ობლიგაციების ზომა მხოლოდ 121 მილიონი ლარია.

"საკმაოდ აქტიური წელი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდს თუ შევადარეთ, დაახლოებით იგივე მოცულობის ემისიები იყო საჯარო ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ტემპი არ შეგვიმცირებია. მიმდინარე რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, მათ შორის მსხვილი პროექტებიც არის და წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ბაზრის ზომა. რა თქმა უნდა, TBC კაპიტალი ძალიან აქტიურია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და ტრანზაქციების უმეტესობა ჩვენი მონაწილეობით შედგა", - აცხადებს TBC Capital-ის საინვესტიციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი თინა სიმონიშვილი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ლარის ობლიგაციების წლიური განაკვეთი საშუალოდ 11-12%-ს შორის მერყეობდა, დოლარის შემთხვევაში კი 8-8.5% იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე დოლარისა და ლარის ემისიები დომინირებს. თინა სიმონიშვილი გვიხსნის, რომ უცხოური ვალუტისა და ლარის ობლიგაციები განსხვავებულ ინვესტორებს იზიდავენ.

"ადგილობრივი ვალუტის ემისიები ბევრად უფრო საინტერესოა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, როგორც არის კომერციული ბანკები, საპენსიო ფონდი ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. დოლარის ან ევროს განთავსებები უფრო მეტად საინტერესოა ადგილობრივი ან საერთაშორისო ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის, ვინაიდან კარგ შესაძლებლობას აძლევს ფიზიკურ პირებს ალტერნატიული ინვესტირების წყაროები გაიჩინონ. მაგალითად, დეპოზიტზე თუ ვიცი, რომ 2-3%-ს დაუწერთ მათ განთავსებულ თანხები, შესაძლებელია, რომ ბონდებში შესვლის შემთხვევაში დაახლოებით 8-9%-ის ამონაგები ნახონ. შესაბამისად, ფიზიკური პირებისთვის დოლარის და ევროს განთავსებები განსაკუთრებით საინტერესოა", - ამბობს TBC Capital-ის წარმომადგენელი.

ვრცლად: 2.7 მილიარდამდე გაზრდილი ობლიგაციების ბაზარი - რა ზრდის ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები