ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარის კურსის გამყარებაზე გავლენა ეკონომიკაში არსებულმა დადებითმა ტენდენციებმა იქონია. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ამ ტენდენციებზე დაყრდნობით, ეროვნული ვალუტა სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს და მისი წონასწორობის ნიშნული სულ მალე განისაზღვრება.
„ლარის კურსის კონკრეტულ ნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო პროგნოზებს არ აკეთებს. პრაქტიკულად ამის პროგნოზირება შეუძლებელია. შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რაც ლარის კურსზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური მიმართულებით პირველ კვარტალში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზებისგან განსხვავებით, ახალი რეალობა გვაქვს. თუ ეკონომიკური ზრდა 3.5% უნდა ყოფილიყო, ამის მიუხედავად ჩვენ 4.3%-ით განვსაზღვრეთ და ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავიწყეთ საუბარი, რომ ეს პროგნოზები გადაიხედებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ცვლილებებს დადებითი მიმართულებით ვხედავდით, აპრილიდან მოყოლებული ახალი რეალობა გვაქვს.
გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და ზრდის მაჩვენებელი 6.5%-მდე გავზარდეთ და ასევე პოზიტიური სცენარის შემთხვევაში ორნიშნა - 10%-ზე მეტი მაჩვენებელი წარვადგინეთ.
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წლის ეკონომიკური კლება მიმდინარე წელს სრულად კომპენსირდება, ანუ ზრდა იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე იყოს გასულ წელს, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფი იყოს, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ეს ერთი რეალობაა, რომელიც სახეზეა.
გარდა ამისა არის ბევრი ფაქტორები, რომელიც ამ რეალობას ამყარებს. აპრილში ექსპორტის დადებითი დაახლოებით 70%-იანი ზრდა, აპრილში ფულადი გადმორიცხვების 145%-იანი ზრდა... პრაქტიკულად ეკონომიკური ზრდა, რომელიც აპრილში დაფიქსირდა არ არის ერთი სექტორიდან გამომდინარე და ეს ზრდა თითქმის ყველა სექტორზე გადანაწილდა. ყველა ეს ფაქტორი და პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკაში მოლოდინების და განწყობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ყველა ეს ფაქტორი ახალ რეალობას ქმნის, რომელიც ლარის კურსზე აისახება. ლარის კურსთან მიმართებით კონკრეტულად წონასწორობის რა ნიშნული იქნება ძალიან მალე გამოჩნდება და ვფიქრობ, მომავალი პერიოდი იქნება სტაბილური, დიდი მერყეობის გარეშე“, - განმარტა მინისტრმა.




























