1-ელი მაისიდან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. სებ-ის შეფასებით, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, უცხოური ვალუტის სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია. მარეგულირებელი მიუთითებს, რომ არსებული გარემოებები უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის გასაზრდელად სასურველ წინაპირობას ქმნის. საბანკო სექტორში კი აღნიშნავენ, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს გავლენა, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესზე ექნება.