ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო 10 დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელებში და რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს რიგები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. დასავლური მედია წერს, რომ რუსეთს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა.




























