მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ 120 სატვირთო ვაგონის შესყიდვის ტენდერი რკინიგზამ ოპტიმიზაციით დაზოგილი თანხით გამოაცხადა

ლაშა აბაშიძე

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, კომპანიაში მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებას მოხმარდება. ამ მიზნით საქართველოს რკინიგზა 120 სატვირთო ნახევარვაგონის შესყიდვის თაობაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. კომპანია შესყიდვაზე 20 მილიონ ლარს დახარჯავს.

„სატვირთო ნახევარვაგონების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი კომპანიაში ჩატარებული ოპტიმიზაციის პირველი შედეგია - საქართველოს რკინიგზა ვაგონების შეძენას სწორედ დაზოგილი თანხებით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ არსებული სავაგონო და სალოკომოტივო პარკის დიდი ნაწილი მოძველებულია ტექნიკური პარამეტრებისა და მდგომარეობის თვალსაზრისით და განახლება/მოდერნიზებას საჭიროებს. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური მიმართულების ოპტიმიზაციისა და მისი გამტარუნარიანობის, ასევე რკინიგზის ეფექტიანობის ზრდისკენ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ნახევარვაგონების დამატება საქართველოს რკინიგზის სავაგონო პარკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. თითოეული ვაგონის ტვირთამწეობა 69 ტონით განისაზღვრება.

2025 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი შემცირდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, სატვირთო, ლოგისტიკურმა და სამგზავრო გადაყვანების შემოსავალმა ჯამურად 454 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.

თუმცა შემოსავლის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საქართველოს რკინიგზის მოგება. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგებამ 91 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 15 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ამ მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა საოპერაციო საქმიანობა, არამედ საკურსო სხვაობა გახდა, რამაც 46.4 მილიონი ლარი შეადგინა. საქმე ისაა, რომ კომპანიის ვალები აშშ დოლარში არის ნომინირებული, წელს კი ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, რაც რკინიგზის ფინანსურ ანგარიშში კურსთაშორისი სხვაობით მიღებულ მოგებად აღირიცხა. რომ არა აღნიშნული ფაქტორი, საქართველოს რკინიგზის მოგება 46 მილიონი ლარით ნაკლები იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები