ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
"როგორც ცნობილია, საქართველოში მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიმდინარე და გასული წლების ეკონომიკური ზრდისა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. საუბარი შეეხო სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში. სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ფონდის მისიასთან თანამშრომლობისა და აქტუალური საკითხების განხილვისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის განვითარების მზაობა გამოხატეს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























