მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: მთავრობას მივწერე, გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს-მეთქი

5e8093cf80e97
თელარა გელანტია
29.03.20 18:10
28620
„ახლა არის დრო იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი - სოფელი უნდა განვავითაროთ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

„მე მგონი, ვირუსის გასვლის შემდეგ ნაკლებად იქნება დრო და მოთხოვნა იმპორტზე, რაც ეკონომიკისთვის არაა კარგი, მაგრამ ქვეყნის სავალუტო ბალანსისთვის კარგია, რადგან იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა იმპორტი ადგილობრივ წარმოებას, რაც ანგრევდა ჩვენს ეკონომიკას; ჩვენით ვერ გავიგეთ და გამჩენის ხელი ჩაერია - ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ.. ზედმეტია ამდენი ტანსაცმელი, ბინა თუ სხვა რამე... ბუნებრივად მოხდა ბალანსი. გზას გვაჩვენებენ საით უნდა განვვითარდეთ.

ჩვენ პირველ რიგში ხერხემალი - სოფელი უნდა განვავითაროთ, რომ ფუნდამენტი იყოს ძლიერი... ფიზიკური ძალისხმევების გარეშე შემცირდება იმპორტი და ახლა არის დრო იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი - სოფელი უნდა განვავითაროთ. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი, მინიმუმ 50-წლიანი სტრატეგიები და მერე უნდა დეხმარონ ადამიანებს ანუ ყველამ, ვისაც მიწა აქვს, გლეხი იქნება ეს თუ მეწარმე, მიიღოს ინფორმაცია მიწაზე, კულტივაციის პირობებზე, არსებულ მოთხოვნებზე... შემდეგი 50 წელი მაინც უნდა იცოდეს ერმა რა მოიყვანოს - 100 ტონა პომიდორი?! იქნებ სიმინდი?! და ა.შ.“, - ამბობს ბიზნესმენი.

ლაშა პაპაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს და თუ მფლობელი ვერ ან არ ამუშავებს, ის სახელმწიფომ უნდა დაამუშაოს.

„არ შეიძლება მიწა წლების განმავლობაში იყოს დაძინებული. არის შემთხვევები, როცა ფიზიკური პირი, თუ იურიდიული პირი ყიდულობს მიწას და არ ამუშავებს, ელოდება როდის გაძვირდება, რომ მერე გაყიდოს. ეს არ შეიძლება. თუ მფლობელი მიწას არ ამუშავებს, სახელმწიფო მის ექსპროპრიაციას ვერ მოახდენს, მაგრამ შეიძლება რომ იჯარის ფული მისცეს და თვითონ დაამუშაოს. მიწა არ უნდა იყოს უქმად“, - განაცხადა ბიზნესმენმა bm.ge-ისთან და დასძინა, რომ მიწის დამუშავების აუცილებლობაზე მან მთავრობასაც მისწერა თავისი მოსაზრება.

„ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი უნდა გამოვიჩინოთ.... მარტის დასაწყისში მთავრობას მივწერე, რომ ცოტა დრო რჩება, გაზაფხული მოდის და არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს-მეთქი ანუ პირდაპირ აქ არის საჭირო, რომ ჯარის საშუალებით იქნება ეს, პოლიციის თუ გლეხის, გამგეობების მიხედვით უნდა დადგნენ იმის სადარაჯოზე, რომ არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს... მითხრეს, რომ გავითვალისწინებთო“, - თქვა ლაშა პაპაშვილმა.