საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო'სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.
"სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები.