საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ის მიმართულება, რომელიც ძალიან სჭირდება ქვეყანას.
„FDI-ის მოსაზიდად ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს ქვეყანამ”, - თქვა მან #ForbesTalks-ში. მინისტრთან ინტერვიუ Forbes Georgia-ს და BM.ge-ის მთავარმა რედაქტორებმა გიორგი ისაკაძემ და თელარა გელანტიამ ჩაწერეს.
ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად აკეთებს მთავრობა თავის მაქსიმუმს ქვეყანაში FDI-ის მოსაზიდად, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებს კლებადი ტენდენცია ახასიათებთ.
„მნიშვნელოვანია, შევაფასოთ, ამ მიმართულებით რა გარემოა მსოფლიოში. დღესდღეობით, სახეზე გვაქვს ის, რომ FDI როგორც განვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში განიცდის შემცირების ტრენდს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია პანდემიასთან და როცა მოლოდინები გაუმჯობესდება, არსებობს მოლოდინი, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს“, - აღნიშნა მან.
გიორგი ისაკაძის კითხვას - მინისტრის აზრით, ყველა ტიპის FDI არის თუ არა მისაღები და სასარგებლო ქვეყნის ეკონომიკისთვის, ლაშა ხუციშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
„ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ FDI-ის რამე კლასიფიკაცია ან დაყოფა მოახდინოს. ქვეყანა კაპიტალის იმპორტიორია და შესაბამისდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ: 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია. 2020 წელს კი FDI-m 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-იანი კლებაა 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო.




























