მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატარია $1-მილიონიანი ყოველდღიური პრიზით - ილონ მასკის დაპირება ამომრჩევლებს

ილონ მასკი

ილონ მასკი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო და მხარი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუჭირა, ახალი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური იდეით გამოდის. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის აზრით, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ქვეყანას ოდესმე გამოუვლია, რის გამოც ის ამერიკელებს აქტიურობისგან მოუწოდებს. ამომრჩეველთა რეგისტრაციის წასახალისებლად, არჩევნებამდე ყოველ დღე, ილონ მასკი რეგისტრირებულებს შორის $1 მილიონს გაათამაშებს.

დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ილონ მასკმა დააფუძნა ორგანიზაცია, რომელმაც პეტიცია გაავრცელა და ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულები არიან და პეტიციას ხელს მოაწერენ, მიიღებენ შანსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისგან $1-მილიონიანი ჯილდო მიიღონ. ლატარია არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ყოველ დღე შედგება, ხოლო გამარჯვებული შემთხვევითი წესით შეირჩევა. ილონ მასკის ლატარიას ორი გამარჯვებული უკვე ჰყავს.

ამ მასშტაბის და ამ დანიშნულების ლატარია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ დრომდე, არავის ჩაუტარებია. ამგვარად, ილონ მასკის პროექტთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი კითხვა ჩნდება, რომლებზეც პასუხი, დიდწილად არ არსებობს. აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, ხმის მიცემის სანაცვლოდ ადამიანებისთვის ფულის გადახდა აკრძალულია, რადგან ეს მოსყიდვად ითვლება. თუმცა ილონ მასკის ლატარიის შემთხვევაში, გამარჯვებული შემთხვევითი წესით შეირჩევა და თან, მონაწილეობის წინაპირობა არის არა უშუალოდ არჩევნებზე რეგისტრაცია, არამედ პეტიციის ხელმოწერა, რაც კანონით აკრძალული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები