მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატვიიდან საქართველოში ცოცხალი პირუტყვის იმპორტი 97.3%-ით გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

მსხვილფეხა პირუტყვი

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზეს შეხვდა. ოფიციალურმა მხარეებმა თქვეს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების პერსპექტივებს.

„ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს იმპორტ-ექსპორტის კუთხით, პარტნიორობა უფრო და უფრო მზარდია; ლატვიიდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი იზრდება; ლატვიაში საქართველოდან ექსპორტზე გადის ღვინო, უალკოჰოლო სასმელები, მტკნარი წყალი. მზად ვართ, თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

bm.ge დაინტერესდა, როგორია ორ ქვეყანას შორის რეალური სავაჭრო ურთიერთობა რიცხვებში. 2023 წლის სრული მაჩვენებლები, ხვალ, 22 იანვარს გამოქვეყნდება, 11 თვის სტატისტიკა კი, ასეთია:

2023 წლის არასრული მონაცემებით, საქართველოსა და ლატვიას შორის 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 50.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, გასული წლის 11 თვეში კი 48.6 მლნ აშშ დოლარს.

თუმცა, საანგარიშო პერიოდში, ლატვიიდან გაზრდილია მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი. გასულ წელს საქართველომ 2.3 მლნ აშშ დოლარის ცოცხალი პირუტყვი შეიძინა, 2022 წელს კი, მხოლოდ 62.1 ათასი აშშ დოლარის. აღსანიშნავია, რომ იმპორტში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე კი, ეთილის სპირტებია. იმპორტის კუთხით 11 თვის მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ნოემბრში საქართველომ ლატვიისგან 36.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის 11 თვეში კი, 38.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოდან ლატვიაში მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველომ ლატვიაში 13.9 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წელს კი, 10 მლნ აშშ დოლარის. მთავარი საექსპორტო პროდუქტები ღვინო, ეთილის სპირტები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი ლატვიაში 13.1%-ით 4.1 მლნ აშშ დოლარიდან, 3.6 მლნ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები