მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის პოლიტიკის შედეგად, პრიორიტეტულ ბაზრებზე ღვინის ექსპორტი გაზრდილია - სოფლის მეურნეობის მინისტრი

6479ba0911d42
გიგა ბენია
02.06.23 15:45
293
„როცა პრიორიტეტულ ბაზრებზე ვსაუბრობთ, ესენია: ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის საექსპორტო ბაზრებზე საუბრისას განაცხადა. ოთარ შამუგიას თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგად, პრიორიტეტულ ბაზრებზე ექსპორტი გაზრდილია.

„ამ ბაზრებზე აქტიურად ვართ წარმოდგენილი. ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც ღვინის თემატიკას ეხება, იქ ჩვენი კომპანიები წარმოდგენილია და სახელმწიფო მხარს უჭერს და აფინანსებს მათ. სწორედ, ამის შედეგია ის, რომ შარშან ჩვენ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა ექსპორტის და ზრდა გვქონდა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა აშშ, 30%-იანი ზრდა, 30%-იანი ზრდა გვქონდა პოლონეთშიც, ბალსტიისპირეთის ქვეყნებსა და იაპონიაში გვქონდა ზრდა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს BMG-იმ შეახსენა, რომ ღვინის ექსპორტში დიდი წილი რუსეთის ფედერაციას უჭირავს.

კითხვაზე, რამდენად არის გამოწვევა რუსეთზე დამოკიდებულება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოკიდებულება შემცირდეს, მინისტრი პასუხობს: „ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ რესურსს მივმართავთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეწარმეებს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე იყვნენ აქტიურად წარმოდგენილები. ეს პროცესია და ამას გარკვეული დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ დინამიკაში მუდმივად გვაქვს ზრდა",-აღნიშნავს ოთარ შამუგია.

ცნობისთვის, ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც გასულ წელს 160 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა - $30 მილიონით, მეტი ვიდრე 2021 წელს. რაც შეეხება მოცულობას - თუ მეღვინეებმა 2021 წელს რუსეთს 47.3 ტონა ღვინო მიაწოდეს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 73.1 ტონამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები