მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lavazza ევროკავშირს დეფორესტიზაციის კანონის გადავადებისკენ მოუწოდებს

ლავაცა

ყავის მწარმოებელი Lavazza ევროკავშირს მოუწოდებს, დეფორესტიზაციის საწინააღმდეგო კანონის მიღება კიდევ ერთი წლით გადავადდეს, რადგან, მათი თქმით, ახალი წესები აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ყავის მწარმოებლებს დააზარალებთ და პროდუქტზე ფასებს გაზრდის.

კანონპროექტი მიზნად ისახავს გლობალურად ტყის მასების ჩეხის შემთხვევათა იმ 10%-ის აღმოფხვრას, რომელიც, სხვადასხვა კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოხმარებიდან გამომდინარეობს. კანონი კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირში ისეთი პროდუქტების იმპორტს ეწევიან, როგორებიც სოიო, ხორცი, კაკაო, ყავა და სხვაა, ავალდებულებს დაამტკიცონ, რომ მათ მიწოდების ჯაჭვში შემავალი რგოლები მსოფლიო ტყეების დესტრუქციაზე პასუხისმგებლები არ არიან; წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

როგორც Lavazza-ს თავმჯდომარე ჯუზეპე ლავაცამ რეპორტიორებს განუცხადა, კომპანია მოითხოვს, კანონის მიღება კიდევ ერთი წლით კონკრეტულად ყავის სექტორისთვის მაინც გადავადდეს. როგორც ის აღნიშნავს, კაკაოს სექტორისთვის ეს შედარებით ნაკლები გამოწვევაა, რადგან ამ პროდუქტს უფრო ცოტა ქვეყანაში აწარმოებენ.

ლავაცას განცხადებით, ევროკავშირის კანონმა, შესაძლოა, ყავის სექტორი იმაზე მეტად დააზარალოს, ვიდრე ტარიფებმა. კანონის აღსრულება კი, განსაკუთრებით რთული იქნება ეთიოპიის მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც მიწის მესაკუთრეობის საკითხი ბუნდოვანია.

Lavazza-ს მსგავსი ინიციატივით ევროკავშირს შოკოლადის მწარმოებელმა კომპანია Mondelez-მაც მიმართა. საპირისპიროდ, მსოფლიოში საკვების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია Nestle-მ ევროკომისიას წერილით მიმართა და კანონპროექტისადმი თავისი მხარდაჭერა დაადასტურა. წერილში აღნიშნული იყო, რომ კანონპროექტის მიღების გადავადება ევროკავშირის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახებოდა.

კანონპროექტის გადავადებასა და შემსუბუქებას ეწინააღმდეგებიან გარემოსდაცვითი ორგანიზაციებიც. ევროკავშირმა კანონის მიღება ერთი წლით, 2025 წლის დეკემბრამდე უკვე გადაავადა როგორც ევროპული კერძო სექტორის, ასევე სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის ბრაზილიისა და აშშ-ს მხრიდან მიღებული კრიტიკის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები