საქართველოს მთავრობა, 2024 წლის 11 ოქტომბერს, ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვიდან ირკვევა.
"ტექნოლოგიური ჰაბის" პროექტი ჯერ წინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ივნისში წარადგინა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ აგვისტოში ხელახლა დააანონსა, როდესაც გამოიცა სპეციალური განკარგულება პროექტის განხორციელებისთვის. ახლა კი საპარლამენტო არჩევნებამდე 15 დღით ადრე პროექტის კიდევ ერთხელ წარდგენაზე თითქმის ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა. გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, 11 ოქტომბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე ფურშეტი 20,000 ლარი, ვიდეო პროექტორებით განათებები 20,000 ლარი, ლედ ეკრანით პრეზენტაციაზე 55,000 ლარი, განათების აპარატურა 78,000 ლარი, სატელევიზიო სადგურით ღონისძიების გადაღება 30,500 ლარი, ვიდეო კონტენტის დამზადება 29,000 ლარი, ღონისძიების მენეჯმენტი კი 52,605 ლარი დაჯდება.
"საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს №1083 განკარგულების ფარგლებში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ქ. ქუთაისში, რომელიც განთავსდება საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ყოფილი შენობაში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია სრულიად ახალი და უნიკალურია. ჰაბი ერთ სივრცეში გააერთიანებს უახლეს ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ რესურსებს, რითაც ქ. ქუთაისს აქცევს რეგიონის ტექნოლოგიური მიზიდულობის ცენტრად. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპებისა და ბიზნესების განვითარების პლატფორმას, გააერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს, რომლებსაც, ჰაბის ინფრასტრუქტურისა და სერვისების გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალურად კონკურენტუნარიანი პროდუქტები.
აღნიშნულის გარდა, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში წარმოდგენილი იქნება ინოვაციების ეკოსისტემის ხელშემწყობი სივრცეები, როგორიცაა ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ მეცნიერების, ფიზიკის, მათემატიკისა და ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები საინტერესო და მარტივად აღქმადი გზით. ასევე, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მძლავრი მონაცემთა ცენტრი, საერთაშორისო IT სკოლა, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, სამრეწველო ინოვაციების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები, შეხვედრებისა და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT კომპანიებისთვის და ასევე საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები.
ამჟამად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხოლო მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დაგეგმილია ჰაბის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნებიან სამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება ეხმიანება თავად ჰაბის უნიკალურ კონცეფციას და შესაბამისად, მთლიანად ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. კერძოდ, ღონისძიების ფორმატი დაფუძნებულია ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, როგორიცაა მულტიმედია, პროგრამირებადი განათებები, სხვადასხვა პროექციები, შუქდიოდური ეკრანები, ლაზერისა და აუდიო ეფექტები. ღონისძიება შექმნის უნიკალურ გამოცდილებას, რითაც ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური პარკის მიმართ ცნობადობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შესყიდვის ობიექტის მნიშვნელობის, მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით, სატენდერო პროცედურებით შესყიდვის განხორციელება, შეზღუდულ ვადებში პროექტის შეუფერხებლად შესრულებას შეუძლებელს ხდის. ამასთან, უშუალოდ შესყიდვის ობიექტის შინაარსობრივმა კომპლექსურობამ გაართულა ისეთი მომწოდებლების მოძიება, რომელთაც აქვთ შესაბამისი რესურსი ჯეროვნად და სრულყოფილად განახორციელონ პროექტი, თუმცა ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ ქნა მომწოდებელი, რომელსაც გააჩნია სათანადო გამოცდილება და რესურსი სრულად უზრუნველყოს ღონისძიების ორგანიზება", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.