მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას ფუნქცია მოუძებნა

ქუთაისის პარლამენტი

მთავრობამ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას ფუნქცია მოუძებნა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა დაავალა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა.

ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტის მუშაობა ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოიტანა. თავდაპირველად მთავრობის ხელმძღვანელი პირები ქონების პრივატიზებაზე საუბრობდნენ, თუმცა რა ფუნქციით უნდა დატვირთულიყო შენობა, გადაწყვეტით ვერ ამბობდნენ. გიორგი გახარია ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში "საპოლიციო ჰაბის" მოწყობაზეც საუბრობდა. პრემიერად მეორედ მოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა კი ამ ადგილას IT-ჰაბის მოწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრა. უკვე 2023 წლის ივნისში ქუთაისში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ მთავრობას შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და აქ ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნებოდა.

ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნებულ განკარგულებაში კი წერია: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სისტემაში შემავალ სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ქალაქ ქუთაისში მდებარე ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის“.

GITA-მ ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაოები 2024 -2025 წლების განმავლობაში უნდა შეიძინოს, რისთვისაც 2024 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი უნდა მოიძიოს. 2025 წელს კი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2025 წლის ბიუჯეტში ჰაბის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში 9 მლნ ლარი უნდა გაითვალისწინონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა პარლამენტის ყოფილ შენობაში ჯამურად 12 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები