მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე გერმანიამ 1500-ზე მეტი ნებართვა გასცა

646f71f433e82
BM.GE
25.05.23 23:00
534
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ბათუმში, გასვლით სხდომაზე, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების წლიური ანგარიში მოისმინა.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ კომიტეტის წევრებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ გააცნო.

მისი განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას და მათ ფართო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს პროგრამები ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2020-2022 წლების ფარგლებში: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულია სამუშაოს 355 987 მაძიებელი, აქედან 2022 წელს, 5 978 აქტიური სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა; ინდივიდუალური კონსულტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის, თბილისის რაიონულ სერვის ცენტრებში, სამუშაოს 80 092 მაძიებელს გაეწია. სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 17 ათასზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, აქედან 12 645 - 2022 წელს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამის - საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ამოქმედება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირებისთვის. შესაბამისად, სოციალურად დაუცველ 30 ათასამდე სამუშაოს მაძიებელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ასევე გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ 1539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, 18 პირი კი ისრაელში, ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმდა. როგორც დასაქმების სააგენტოში BMG-ის უთხრეს, 2021 წლიდან, გერმანიასთან შეთანხმების ძალაში შესვლიდან 1600 ზე მეტი სამუშაო ნებართვა გაიცა. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, ყურადღებას უდავოდ იმსახურებს საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, რომლითაც სულ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება ხდება.

„პარლამენტი აქტიურად მუშაობს მეთოდოლოგიაზე, კრიტერიუმების ჩამოყალიბებაზე, ასევე მივიღეთ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცირდება უმუშევრობა, მაგრამ გვსურს, კიდევ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ და ადამიანები ემიგრაციაში კი არ მიდიოდნენ, არამედ თავისუფალ ბაზარზე უფრო მეტი და მეტი ადამიანი დასაქმდეს“, - განაცხადა ლომინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები