მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგენდარული ბეისბოლის მოთამაშის, ბეიბ რუთის მაისური აუქციონზე სარეკორდო 24,12 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბეიბ რუთის მაისური

1920-30-იან წლებში ბეისბოლის სამყაროში გამოჩნდა მოთამაშე, რომლის გავლენაც სპორტულ სამყაროზე დღემდე ვრცელდება. საუბარია ბეიბ რუთზე, რომელიც აღნიშნული სპორტის სახეობის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მისი რელიქვიური ნივთები აუქციონებზე ყოველთვის ძალიან ძვირად იყიდება.

სააუქციონო სახლმა Heritage-მა გასაყიდად გამოიტანა რუთის “ნიუ იორკ იანკის” მაისური, რომელიც სპორტსმენს 1932 წლის მსოფლიო სერიის მესამე თამაშში ეცვა. მაისური 24,12 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც ყველა რეკორდი მოხსნა და გახდა ყველაზე ძვირად გასხვისებული სპორტული ნივთი აუქციონების ისტორიაში.

აქამდე მაისურების მხრივ რეკორდი მაიკლ ჯორდანის 1998 წლის NBA-ის სუპერფინალის პირველ თამაშში გამოყენებულ ეკიპირებას ეკუთვნოდა, რომელიც 2022 წელს 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ზოგადად სპორტულ ნივთებს შორის კი რუთის მაისურამდე რეკორდი კიდევ ერთ ლეგენდარულ ბეისბოლისტ მიკი მანტლის ეკუთვნოდა, რომლის 1952 წლის საკოლექციო ბარათიც 12,6 მილიონ დოლარად გასხვისდა.

ბეიბ რუთის მაისურს დიდი ისტორია გააჩნია ის 1990 წელს კერძო კოლექციონერმა უცნობი ქალბატონისგან 150 ათას დოლარად შეიძინა, თავად მანდილოსანს კი მაისური მამისგან დარჩა, რომელსაც ეკიპირება პირადად რუთმა უსახსოვრა. 1999 წელს მაისური 284 ათას დოლარად ბალტიმორის მუზეუმმა შეიძინა და 2005 წელს “ნიუ იორკ იანკისს” 940 ათას დოლარად მიჰყიდა.

ცნობისთვის, ამჟამინდელმა მფლობელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები