"რუსული კანონის" მიღების შემდეგ, პარტია "ლელო" ბოიკოტის რეჟიმში გადადის. განცხადება "ლელოს" ლიდერებმა, ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
"დღეს, ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ გააფორმა ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამბობთ.
"ქართული ოცნება" ესაა რუსული ძალა, რომლის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების სამსახურში ყოფნა.
ჩვენს ქვეყანას ბევრი ისტორიული დღე ახსოვს და ახსოვს ბევრი დიდი გამარჯვების დასაწყისი. როგორც წესი ყველა გამარჯვებას წინ ახლავს მოღალატეებისა და ქვეყნის გამყიდველების თვითლუსტრაცია და დღეს სწორედ ეს მოხდა. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან რუსეთს.
ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვა ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.
ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთანაა ქართველი ხალხი, ქართული ოპოზიცია, რომელიც რუსული ხელისუფლების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლია. დღეს ჩვენ ვიხილეთ ღია თავდასხმები პარლამენტში. ქართული ოცნება ძალადობს ყველგან, აქციებზე, ქუჩებში, სახლებში, კონსტიტუციურ ორგანოებში და ესაა მარცხისათვის განწირული რეჟიმის უკანასკნელი მცდელობები.
ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს - მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია. როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია ლელომ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწლეობა პარლამენტის მუშაობაში.
ქართული ოცნება პარლამენტში დამარცხებულია, იგი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არღვევს კონსტიტუციას და წარმოადდგენს უზურპატორ ივანიშვილს და პუტინს. მისი ერთადერთი ინსტრუმენტი ძალადობაა.
ლელო გადადის ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენი გზა არის და იყო ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ჩვენ სწორედ ამ ერთობის ნაწილი ვართ. ამ ერთობის ინტერესებს ვიცავდით პარლამენტში მანამ სანამ ეს ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდებოდა და შესაძლებელი იყო. დღევანდელი ძალადობისა და ღალატის აქტის - რუსული კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომელითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ.
ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, რადგან წარსულს მომავალთან არასოდეს გაუმარჯვია.
საქართველოს მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია!", - ამბობენ "ლელოს" ლიდერები.