მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები დააკავეს

გია ონიანი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი და მერიის ორი მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ ტვილდიანი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი გულბანი.

გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება ყოფილი მერის კერძო ბიზნესინტერესების სასარგებლოდ კანონდარღვევით გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და მფარველობას.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს ასაშენებლად მიწის ნაკვეთი შეიძინა და დაუკვეთა პროექტი, რომელიც არ შეესაბამებოდა მოქმედ სამშენებლო კოეფიციენტებსა და ნორმებს. პროკურატურის განცხადებით:

  • ონიანმა მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით მიმართა მერიის არქიტექტურის სამსახურს ნებართვისთვის.
  • არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ნუგზარ ტვილდიანმა და თავად მერმა, გვერდი აუარეს „განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ და სამშენებლო კოდექსს.
  • ნებართვა გაიცა ისე, რომ საკითხი არ იყო შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობდა.

საგამოძიებო უწყება ხაზს უსვამს ინტერესთა კონფლიქტსაც. სასტუმროს მშენებლობის პროცესს ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებდა, რომელსაც გია ონიანის ცოლის დის ქმარი, გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა.

პროკურატურის განმარტებით, მშენებლობა გასცდა ნებადართულ ფარგლებს და შეიჭრა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში. მიუხედავად ამისა, ზედამხედველობის სამსახურს სამუშაოები არ შეუჩერებია და ყოფილ მერს უკანონო მშენებლობის გაგრძელების საშუალება მისცა.

"ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.

სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი", - წერს უწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები