მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეო მესის ეკონომიკური შესაძლებლობები

მესის ბიზნესები

9 თებერვალს ჩინეთის მაღალჩინოსნებმა არგენტინასთან ორი საფეხბურთო მატჩი გააუქმეს, რამაც დიპლომატიური კრიზისის ახალი კერა წარმოშვა. ამ კრიზისის მიზეზი კი ტრავმირებული ლიონელ მესი აღმოჩნდა, რომელმაც "ინტერ მაიამისა" და ჰონკონგს შორის გასამართი ამხანაგური თამაში გამოტოვა.

გულშემატკივრებს ბილეთები სწორედ მესის გამო ჰქონდა შეძენილი და მათ ბილეთებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს, რასთან ერთადაც მესის უნდა აკრძალვოდა ჰონკონგში ჩასვლა. არგენტინელი ყიდის ბილეთებს და მისი არ ყოფნა ბუნტს იწვევს.

მესის წყალობით "ინტერ მაიამის" ბილეთები 3-ჯერ მეტად იყიდება, ხოლო მისი ტრანსფერის შემდეგ Apple-ის გამომწერთა რაოდენობა მაშინვე გაიზარდა 2 მილიონით. თვითონ მესი კლუბში იმის ნახევარს გამოიმუშავებს, რასაც "პსჟ-ში", ასევე არც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, მაგრამ ამის მიუხედავად ის არ ჰგავს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კარიერის ბოლოს უბრალოდ თანხის გამოსამუშავებლად მიდიან ამერიკაში. მესის ამერიკა სტრატეგიის ცვლილებას და იმავე გზაზე დაყენებას სთავაზობს, როგორზეც ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი დადგნენ. ლეო მულტი მილიარდერობას უმიზნებს და მისი გეგმა თუკი სწორი მიმართულებით წარიმართა ის შესაძლოა ყველა დროის უმდიდრესი ათლეტი გახდეს.

ის სწორ ადგილას იმყოფება, რადგან აშშ-ში ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი გამხდარა წარმატებული მეწარმე ან ინვესტორი.
მაიკლ ჯორდანის მაგალითზე, რომ ავხსნათ მან თავისი სამი მილიარდის ქონების 97% კარიერის დასრულების შემდეგ გამოიმუშავა. "შარლოტ ჰორნეტსის" გაყიდვით, Air Jordan-ის შექმნითა და სხვადასხვა სწორი ინვესტიციებით ჟურნალი ფორბსის მიხედვით ის 400 უმდიდრეს ამერიკელს შორის იმყოფება.


გავრცელებული ინფორმაციით მაიკლი Air Jordan-ის ბრენდიდან ყოველწლიურ 5%-ს იღებს, რაც წლიური 250 მილიონი დოლარია. მაგრამ ეს შეთანხმება მას დღეს, რომ გაეფორმებინა და არა 80-იან წლებში ის გაცილებით მეტს მიიღებდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

წარსულში გულშემატკივრებთან კომუნიკაციის საშუალებები შეზღუდული იყო, რადგან სოციალური ქსელები არ არსებობდა. დღეს კი მათ ნებისმიერ გულშემატკივართან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად შეუძლიათ კომუნიკაციის დამყარება.
დღეს ათლეტებს საკუთარ პროდუქციაზე გაცილებით დიდი კონტროლი აქვთ დაწესებული. ჯორდანის დროს კალათბურთელის საშუალო ხელფასი 2 მილიონი დოლარი იყო, დღეს კი ეს ღირებულება 10 მილიონამდეა გაზრდილი. ათლეტები საკუთარი თავის მარკეტოლოგები არიან და არავისგან გაპიარება არ ესაჭიროებათ.
მესამე კი ისაა, რომ დღეს კომპანიის დაარსება გაცილებით მარტივი და იაფია. თუკი დოკუმენტური ვიდეოს გადაღება გსურს შეგიძლია Youtube-ზე განათავსო, ვებსაიტის შექმნა Shopify-დანაა შესაძლებელია და საბოლოო დასკვნა ისაა, რომ დღესდღეობით პროფესიონალი ათლეტების გადმოსახედიდან ბიზნესის დაწყება უფრო იაფი და მოგებიანი არასდროს ყოფილა.

ამ სიტუაციით საუკეთესოდ სარგებლობა კი ლიონელ მესის შეუძლია, რომელსაც უდიდესი ბიზნეს პორტფელი აქვს გამზადებული. Google-ის მასალებს თუ დავეყრდნობით მისი ზუსტი ქონება ნახევარ მილიარდ დოლარად ფასდება. თუკი მის მოედანსა და მოედანს მიღმა ცნობილ კონტრაქტებს გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ 2025 წლისთვის მის მიერ კარიერულად გამომუშავებული თანხები 1,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ის "ინტერ მაიამიში" წლიურად სუფთა საფეხბურთო კუთხით 20 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რაც მას MLS-ის ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშედ აქცევს, თუმცა პარალელურად ეს ნახევარია იმისა, რასაც "პსჟ-ში" გამოიმუშავებდა.

სიტუაციას ცვლის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექ კომპანია Apple, რომელიც ყოველ ახალ გამომწერზე მესის გარკვეულ წილს აძლევს. ამ ეტაპზე კი გამომწერთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. ამას დამატებული მესის პირადი სასპონსორო შეთანხმებები. Adidas-თან გაფორმებული სამუდამო კონტრაქტის წყალობით არგენტინელი წელიწადში 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ბლოკჩეინ პლატფორმა Socios-იც წელიწადში 20 მილიონს უხდის, რისი საშუალებითაც ლეო აგროვებს იმდენ კაპიტალს, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს.


მესიმ რამდენიმე კერძო ბიზნესი წამოიწყო, როგორც მერჩების ისე სასტუმროების მიმართულებით, თუმცა საერთაშორისო აღიარება ვერცერთმა ვერ მოიპოვა.

Messi Store MGO Global-თან პარტნიორობით აწარმოებს ფეხბურთელის სპეციალური დიზაინით შექმნილ ტანის სამოსებს, აქსესუარებს და ა.შ. კომპანიის დირექტორი კი ჯინი ჰილფიგერია, ლეგენდარული ტომი ჰილფიგერის და. თუმცა კომპანია ამ ყველაფრის მიუხედავად ვერ აგენერირებს იმ თანხებს, რასაც მსოფლიოს საუკეთესო ათლეტი იმსახურებს. მესის სასტუმროებიც 7 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს, თუმცა არგენტინელის სუპერფანების გარდა უმრავლესობის აზრია ის, რომ იგივე ფასად უკეთეს ადგილას დაისვენებენ უკეთესი კომფორტის ზონით.

საუბარი მიმდინარეობდა მესის სახელობის გასართობ პარკზეც, რომელიც საუკეთესო საფეხბურთო გასართობი სივრცე იქნებოდა ყველა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის. ის ჩინეთში ქალაქ ნანჯინგში, 200 მილიონ დოლარად უნდა აშენებულიყო და წელიწადში 4 მილიონი ტურისტი მოეზიდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი ვერ განხორციელდა.

ყველა ამ წარუმატებლობის უკან ფინანსური მრჩევლები არიან. მესი ბოლო ორი დეკადაა ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაშისკენაა მიმართული და ბიზნესებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა. მაგრამ ახლა, როცა ის ამერიკაში იმყოფება და მასზე არსებული ზეწოლა მკვეთრადაა შემცირებული, ამერიკაში იპოვა პარტნიორი, რომელიც მზადაა მოთამაშე ისტორიაში ყველაზე მდიდარი ათლეტი გახადოს.

ამ ადამიანის სახელი და გვარი რაზმიგ ჰოვაგიმიანია, ტექ ინვესტორი კაიროდან. მისი შექმნილია პლატფორმა Vikki, რომელიც ვიდეოებს სასურველ ენაზე თარგმნის და ეს მან შექმნა მანამდე სანამ Youtube-ისა და Netflix-ის სუბტიტრებისა თუ სასურველი ენის შერჩევის ფუნქცია შეიქმნებოდა. სტარტაპი Rakuten-მა შეიძინა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორია. აქ ის ლიონელ მესის შეხვდა, რომელიც ასევე გატაცებულია ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით. არგენტინელის პირველი კითხვა იყო თუ როგორ აბანდებდა მაიკლ ჯორდანი თანხებს.

მოგვიანებით 2022 წელს ისინი მაიამიში შეხვდნენ ერთმანეთს და დააარსეს კომპანია PlayTime, რომელიც ფეხბურთელის ინვესტიციებს განაგებს. მას შემდეგ, რაც "პსჟ-სთან" კონტრაქტი ამოიწურა და "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამოვიდა სწორედ ამ წამოწყებამ იქონია გადამწყვეტი როლი მის "ინტერ მაიამიში" ტრანსფერზე. PlayTime-ში მესიმ თავდაპირველად 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რაც გათვალისწინებული იყო სპორტზე, მედიასა და ტექნოლოგიაზე.

PlayTime-ის ვებსაიტზე სამი სახის ინვესტიციას ვხვდებით, პირველი არის Matchgame, რომელიც ვირტუალური საფეხბურთო ბარათების თამაშია. მეორე არის Momento, საიდანაც სპორტული აქსესუარებისა და რელიკვიების ყიდვაა შესაძლებელი. მაგალითად მესის 6 ცალი მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაცვამი მაისური ახლახან 7,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. მესამე კი არის BallerTV, სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებზე ამახვილებს ყურადღებას.

მესის ღრმად სჯერა, რომ ტექნოლოგია მთლიანად შეცვლის სპორტს, რის გამოც აბანდებს თანხებს NFT-ებში და სხვა ვირტუალურ აქტივობებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მილიარდიანი ინდუსტრიებია, მაგრამ ამავდროულად ძალიან სარისკო. მესიმ ამ გარიგებით უარი თქვა არაბების შეთავაზებაზე, რომელიც მას დაუყოვნებლივ მილიარდერად აქცევდა, თუმცა ის სტრატეგიულად ფიქრობს.

აშშ მას მეტ მოქნილობასა და აუდიტორიის მონეტიზაციის საშუალებას აძლევს, თანაც ეს ქვეყანა ხომ ტექნოლოგიებისა და სტარტაპების ერთ-ერთი უმთავრესი მექაა. რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩვენ ფორბსის მილიარდერების რეიტინგში შესაძლოა მესი სიის ისეთი წევრების გვერდით ვიხილოთ, როგორებიც ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი არიან. არგენტინელი გენიოსის საფეხბურთო კარიერა თუკი დასასრულს მიუახლოვდა, როგორც ბიზნესმენის კარიერა მხოლოდ ახლა იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები