"ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამაზე განცხადებას" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, გაათავისუფლა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი დაკავებული თანამდებობიდან.
მისივე თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში სხვა შესაძლო ცვლილებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ „ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას“.
„რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე.
ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია - გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, დავიწყებთ შეთავაზებას“,- განაცხადა კობახიძემ.