იმედია, ეს რისკი არ განხორციელდება და ეჭვქვეშ არ დადგება ის შრომა, რაც სავალუტო ფონდთან ერთად გავწიეთ, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზს, რომელიც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება.
BMG მინისტრისგან დაინტერესდა, ადარდებს თუ არა ლევან დავითაშვილს IMF-ის შეფასება და თუ ადარდებს, მაშინ რატომ მიიღო პარლამენტმა ნაჩქარევად კანონი, რომელიც უმრავლესობამ დააინიცირა.
„რაც შეეხება IMF-ის ანგარიშს, იმედი მაქვს, ეს რისკი არ განხორციელდება და ეჭვქვეშ არ დადგება ის შრომა, რომელიც ერთად გავწიეთ სავალუტო ფონდთან. IMF-თან თანამშრომლობა რომ მნიშვნელოვანია, ეს პრესრელიზიდანაც ნათლად ჩანს. ინფორმაცია ნათლად ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია, რეფორმების გატარების კუთხით, ასევე იმ მიღწევებთან დაკავშირებით, რაც სავალუტო ფონდს აქვს აღნიშნული და ეს ყველაფერი ერთობლივი შრომის შედეგია, რაც 2022 წელს მიდიოდა პროგრამის ფარგლებში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, IMF პრესრელიზით გამოეხმაურა სებ-ის შესახებ ახალ კანონს და განაცხადა, რომ კანონი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის.