მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განიხილება IMF-თან სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე? - დავითაშვილის განმარტება

ეკონომიკის მინისტრი

სახელმწიფო საწარმოები ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეჩერებული პროგრამის კონტექსტში ხაზს უსვამს. როგორც BMG-საქართველოში IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ენდრიუ ჯუველმა უთხრა, სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არაა ფონდთან შეთანხმებული პრინციპები.

თავის მხრივ, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საკითხი კომპლექსურია და სახელმწიფო საწარმოების მართვის პრინციპები კანონმდებლობაში პარტნიორებთან შეჯერების შემდეგ აისახება.

როგორც ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა ამაზე არაა დამოკიდებული, თუმცა პროგრამის ერთ-ერთი საკითხი, მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული რეფორმაა.

„პროგრამის აღდგენა ამაზე არაა დამოკიდებული, პირდაპირ გეტყვით. ეს სავალუტო ფონდმაც მკაფიოდ განაცხადა, თუმცა პროგრამის ერთ-ერთი საკითხი არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც პილოტირების რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხედვა, სტრატეგია და პილოტირება დაიწყო ამ თეორიული ხედვის. შედეგად გამოიკვეთა ბევრი ნიუანსი, რომელიც უნდა აისახოს უკვე სრულყოფილ კანონმდებლობაში, თუ როგორი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა და ასევე, რა თქმა უნდა, კუთვნილებაც. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, იმიტომ რომ უკავშირდება მნიშვნელოვან კორპორაციებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პარტნიორებთან გვქონდა ძალიან ღია დიალოგი, მსოფლიო ბანკი იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში, ეს დიალოგი გრძელდება, იმიტომ, რომ მოდელი უნდა იყოს მკაფიო, კარგად გამართული და ემსახურებოდეს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს. ამაზეა საუბარი სავალუტო ფონდთან, ეს მათთვის გასაგებია. ეს არ შეიძლება რომ ნაჩქარევად, ერთ დღეში გაკეთდეს”,- ამბობს ლევან დავითაშვილი.

სავალუტო ფონდი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ არის კითხვები, ვინ უნდა ფლობდეს სახელმწიფო საწარმოებს. დისკუსიის საგანია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემა. ლევან დავითაშვილი არ აკონკრეტებს როგორია სახელმწიფოს პოზიცია აღნიშნულზე, თუმცა ადასტურებს, რომ მსჯელობის საგანია, როგორი იქნება ცალკეული სამინისტროების როლი.

“რაც შეეხება მფლობელობის საკითხებს, აქაც ბევრი ნიუანსია, რომელიც უნდა განისაზღვროს. დღეს იცით, რომ ყველა სახელმწიფო ქონებას ფლობს ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა მართვაში სხვადასხვა სექტორულ სამინისტროებს გააჩნია. ასე რომ, როგორი იქნება როლი მათ შორის სექტორული სამინისტროების, ესეც ერთ-ერთი საკითხია.

ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ ამ საკითხზე და სახელმწიფო საწარმოებში მართვის საუკეთესო პრინციპები ეტაპობრივად დაინერგება. თუ შევჯერდით ყველა პარტნიორებთან, ეს აისახება შესაბამის კანონმდებლობაში. შეიძლება ამის საჭიროება არც იყოს, ეს სხვადასხვა იურიდიული ტექნიკის საკითხია”, - ამბობს ვიცე-პრემიერი.

IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს, ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად არაა ასახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები