მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ IMF-ის პირობები არ იქნება საინტერესო, მაშინ პროგრამის გარეშე გავაგრძელებთ საქმიანობას - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მთავრობისთვის IMF-ის პირობები საინტერესო არ იქნება, რასაც ფონდი ახალი პროგრამის დაწყებისთვის დღის წესრიგში დააყენებს, მაშინ საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამაზე ხელს არ მოაწერს.

IMF-ის $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში შეჩერდა, რაც ფონდის განცხადებით უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგანაც ხელისუფლებას IMF-ის წინაშე აღებული ჰქონდა ვალდებულება ფონდის კონსულტაციების გარეშე არ შეეტანა სებ-ის კანონმდებლობაში ცვლილებები.

Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის ახალი პროგრამის მონახაზის შესახებ შედგება მსჯელობა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ფონდის პირობებს მაშინ დათანხმდება თუკი ეს პირობები ხელისუფლებისთვის იქნება მისაღები. ეკონომიკის მინისტრის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობა არაა მზად IMF-ის წინაშე ვალდებულებად აიღოს სახელმწიფო საწარმოების ყოვლისმომცველი რეფორმის ვალდებულება, რაც წინა პროგრამით იყო გათვალისწინებული და რაც საბოლოოდ ხელისუფლებამ IMF-ის შეფასებით სრულფასოვნად არ შეასრულა.

“პროგრამა არის ორი მხარისთვის ურთიერთსასარგებლო. თუ ეს არ იქნება ჩვენთვის საინტერესო, მაშინ, რა თქმა უნდა, პროგრამის გარეშე გავაგრძელებთ საქმიანობას. ღია ვართ ამ დიალოგისთვის. ძველი პროგრამა არანაირი ცალკე საუბრის თემა არაა. მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რომ თუ ახალ პროგრამაზე შევჯერდებით სავალუტო ფონდთან, ეს უნდა იყოს ჩვენ ეკონომიკურ ინტერესებთან თანხვედრაში. ჩვენ ღია და მზად ვართ, დაინტერესებულიც ვართ. ამიტომ სამუშაო რეჟიმში ვიმუშავებთ. თებერვალში გვექნება შეხვედრები და გადაწყდება, ან ჩამოვლენ ან დისტანციურად ვიმუშავებთ. იმის მიხედვით, როგორი იქნება პროექტი შედეგებს გაგიზიარებთ”, - BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. IMF მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც საქართველოში IMF--ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები