მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი "რედვინგსის” მომართვის შემთხვევაში, ფრენების სიხშირის ზრდას არ გამორიცხავს

ეკონომიკის სამინისტრო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსულ ავიაკომპანიას ფრენების სიხშირის გაზრდის მოთხოვნით წერილი არ გამოუგზავნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა სიყალბე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "რედვინგსმა" მას გაუგზავნა წერილი რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისების დამატებაზე. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია სანქცირებული არაა და მომართვის შემთხვევაში, ავიაციის სააგენტოსგან, სიხშირეების გაზრდაზე შეიძლება ნებართვა მიიღოს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია "რედვინგსის" წერილი არ შემოსულა და უფრო მეტიც, ასეთი წერილი კომპანიას არც გამოუგზავნია, შესაბამისად, ეს წერილი იყო ფეიკი. მსგავსი წერილი [სიხშირეების გაზრდაზე] რომ შემოსულიყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ის მიიღებდა გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ მიღებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს არ არის პოლიტიკური თემა და თემის პოლიტიზება, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობაა.

ერთი ნაწილია, რომ რუსეთის მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, რომ საქართველოში სურთ ფრენა, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას... ანუ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს კონკრეტული თარიღები, კონკრეტული მიმართულებები, რისი მომართვაც ჩვენთან არ შემოსულა, დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა, ხომალდები, რომლებსაც კომპანია „რედვინგსი“ იყენებს სხვა შემთხვევაში და ეს კომპანია ოპერირებს საქართველოში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გავაჟღერეთ და ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, შესაბამისად, ამ კომპანიამ შეიძლება მომართვის შემთხვევაში მიიღოს ნებართვა. მაგრამ მას ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავს“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა 2023 წლის მაისში მოხსნა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს ასრულებენ რუსული „აზიმუტი“ და „რედვინგსი“, ასევე ქართული „ჯორჯიან ეარვეისი“.

დღეისათვის, “რედვინგსი“ რეისებს შემდეგი მიმართულებებით და სიხშირით ასრულებს:

  • ყაზანი-თბილისი-ყაზანი - 1 სიხშირე კვირაში;
  • სოჭი-თბილისი-სოჭი - 4 სიხშირე კვირაში;
  • სანქტ პეტერბურგი-თბილისი-სანქტ პეტერბურგი - 3 სიხშირე კვირაში;
  • ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი - 2 სიხშირე კვირაში;
  • სამარა-თბილისი-სამარა - 1 სიხშირე კვირაში;
  • მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი - 1 სიხშირე კვირაში;
  • მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი - 3 სიხშირე კვირაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები