მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სითამამეც გვაქვს და ნებაც

63bbc75f4f47d
თელარა გელანტია
09.01.23 17:26
1071
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ნება არსებობს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა #რედაქტ2-თან დეკემბრის ბოლოს ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა.

„რისიც გვჯერა, ის უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე, კაპიტალის ბაზრის რეფორმა - ეს სტრუქტურული რეფორმები აუცილებელია და ალბათ ადრეც იყო გასაკეთებელი“, - თქვა მინისტრმა.

- რეფორმა ყოველთვის მტკივნეულია... საქართველოს მთავრობაში არსებობს პოლიტიკური ნება რეფორმებისთვის? გეყოფათ სითამამე და გამბედაობა?

- გიდასტურებთ, რომ გვაქვს სრული მზადყოფნა, სითამამეც და ნებაც. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციას დრო დასჭირდება და აქ მთავარია, აქცენტები კარგად განვსაზღვროთ; თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოს კორპორატიზაციას ერთიანად შევძლებთ, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ თუ იდენტიფიცირებას გავაკეთებთ კრიტიკული საწარმოების, რომელთაც გააჩნიათ დიდი როლი ამა თუ იმ სექტორის ან დარგისთვის და ასევე, დიდი პოტენციალი აქვს კაპიტალის ბაზარზე გასვლისთვის, ვფიქრობ, ეს გაკეთებადია.

- ამიტომაც შეირჩნენ „საქართველოს ელექტროსისტემა“ და „საქართველოს რკინიგზა“ როგორც საპილოტე კომპანიები...

- დიახ, ორივე ჩვენი ეკონომიკის ფლაგმანი სახელმწიფო კომპანიაა და აქ რეფორმების გატარება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 200 წვრილ საწარმოს შევეჭიდოთ და შედეგი არ გვექნება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფომირების სტრატეგიის თანახმად, რეფორმირების პროცესი სამ მსხვილ კომპანიაში დაიწყება - საუბარია “საქართველოს რკინიგზაზე”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე”. ანალოგიური სახის ცვლილებები უკვე მიმდინარეობს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში", რაც კომპანიის მართვის კორპორატიზაციას გულისხმობს. კომპანიების რეფორმირების პროცესი წელს უნდა დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები