პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვ. ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხს.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები და მათი რეალიზების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ კომისიის მორიგი, პლენარული სხდომა პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით 20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.
BM.GE გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში.
ვაჭრობა
2024 წლის 8 თვეში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 581.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან, 538.2 მლნ აშშ დოლარი ექსპორტსა და რეექსპორტზე მოდის. ძირითადი სასაქონლო ჯგუფი, ტრადიციულად ავტომობილებია.
ექსპორტი, რეექსპორტის ჩათვლით წელს 25.6%-ით გაზარდა.
TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი:
- მსუბუქი ავტომობილები - $464.4 მლნ (ზრდა 33.7%);
- მინერალური და მტკნარი წყლები - $19,7 მლნ (ზრდა 14.7%);
- ტკბილი გაზიანი სასმელები - $10.8 მლნ (ზრდა 27%);
- მაცივრები - $7.7 მლნ (ზრდა 25%);
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $7.2 მლნ (ზრდა 20%).
იანვარ-აგვისტოში იმპორტი 57.9%-ით შემცირდა. აქვე, რადიკალურად შეიცვალა სასაქონლო ჯგუფებიც. წელს ხუთეულში ვერ მოხვდა ვერც ერთი პროდუქცია, რომელიც გასულ წელს, საქართველომ ყველაზე დიდი ოდენობით იყიდა.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $8.7 მლნ ( ზრდა 619.2%);
- შავი ლითონის სარკინიგზო და ტრამვაის ლიანდაგები - $4.7 მლნ (ზრდა 688.1%);
- საფრენი აპარატები - $3.7 მლნ (ზრდა 351.2%)
- საშუალებები თმებისათვის - $2.3 მლნ (1069.4% ზრდა)
- ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - $2.1 მლნ (ზრდა 1217.4%).
ტურიზმი
წელს, პირველ ორ კვარტალში ყაზახეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 70 298 ვიზიტი განხორციელდა, რაც 21.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
FDI
გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკაში 36.2 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან განხორციელებული ინვესტიციების მაქსიმუმია.
ფულადი გზავნილები
აგვისტოში, ყაზახეთიდან საქართველოში 9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, გასული წლის ანალოგიურ თვეს კი, 18.7 მლნ აშშ დოლარი.
ჯამურად, 2024 წლის წლის 8 თვეში ყაზახეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 85.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 132.2%-ით ნაკლებია. როცა საქართველოში 198.8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.