მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი გვაქვს, ბაქო-სუფსას მილსადენი წელს ამუშავდება - ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი

“იმედი მაქვს, რომ ბაქო-სუფსას მილსადენით მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მილსადენის ოპერირების აღდგენისთვის მოლაპარაკებები ორი წელია მიმდინარეობს.

ამჟამად მოლაპარაკებათა საგანს წარმოადგენს მილსადენის მეშვეობით ყაზახური ნავთობის გადაზიდვის საკითხი, რის შესახებაც თავად KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა, ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან საუბრისას არგუმენტად დასახელდა ის ფაქტი, რომ ყაზახური და აზერბაიჯანული ნედლი ნავთობები ერთმანეთისგან ფიზიკური მახასიათებლებით განსხვავდებიან და მათი შერევა არ შეიძლება. თუმცა, დავითაშვილმა განაცხადა ისიც, რომ ის იმედოვნებს, რომ მილსადენის ოპერირება წელს განახლდება და ის მილიონ ტონასაც მიაღწევს.

“ამაზე თითქმის ორი წელია მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა, აქ არ არის მხოლოდ საქართველოს, არამედ რამდენიმე ქვეყნის იმისთვის, რომ ეს ნავთობი მოხვდეს ამ მილსადენში. იცით რომ მჭიდრო თანამშრომლობაა ამისთვის საჭირო BP-ისთან და პოზიციები გავცვალეთ. რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას აქ არის მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და დიალოგი. საჭირო იყო შეთანხმება გარკვეულ პირობებზე, იცით რომ განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და მისი აზერბაიჯანულთან შერევა ვერ მოხდებოდა. მე ვფიქრობ რომ ძირითად საკითხებში გარკვეულობა გვაქვს და მე იმედი მაქვს რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება. მომავალში მე იმედი მაქვს რომ ჩვენ შევძლებთ მილიონ ტონაზე მეტის გატარებას,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბაქო-სუფსას მილსადენი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა, იქამდე მილსადენის წლიური დატვირთვა 3.9-4.2 მილიონი ტონის ფარგლებში იყო. საგულისხმოა გარემოება, რომ აღნიშნული მილსადენის ოპერირების შეჩერების შემდეგ სანაცვლო სიმძლავრით გაიზარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა, შედეგად საქართველოზე გატარებული ნავთობის მთლიანი მოცულობა თითქმის უცვლელად შენარჩუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები