მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილის განცხადებით მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტს 3.5%-მდე შეამცირებს

6290e7683d76e
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.22 19:03
892
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას განიხილავს. მისი თქმით, წელს სავარაუდოდ დეფიციტი დაგეგმილი 4.4%-დან 3.5%-მდე შემცირდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისი მოსმენისას განაცხადა. 

ეკონომიკის მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა, რაც 6%-ზე არის დაგეგმილი, შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც იქნება მიღწეული. ამასთან, მისი თქმით, ამ ფაქტორების ერთობლიობით წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 50%-დან 45%-მდე შემცირდება.

“წლის ბოლომდე, ჩვენ მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა [6%-ის ზრდა] მინიმუმ უნდა იყოს შენარჩუნებული. რას გვაძლევს ეს? - ეს გვაძლევს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფისკალური დეფიციტის ნაცვლად ფისკალური კონსოლიდაცია და 4.4% შევამციროთ 3.5%-მდე და შესაბამისად, სახელმწიფო ვალის შემცირების საშუალებაც უნდა მოგვეცეს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ს 50%-დან უნდა შემცირდეს და 45%-ს უნდა ჩამოსცდეს”, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციით, ფინანსური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების ბიუჯეტების დეფიციტის მაჩვენებელმა 3%-ს არ გადააჭარბოს. პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი სწორედ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ იყო და 2019 წელს 2.1%-ს შეადგენდა. 2020-ში კი სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტიც გაიზარდა. პანდემიის პირველი ტალღის დროს მთავრობამ $2 მილიარდამდე საგარეო ვალი აიღო, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტმა 9.3%-ს მიაღწია. 2020 წელსვე საქართველოს მთავრობამ დადო პირობა, რომ ბიუჯეტის დეფიციტს 3 წლის ვადაში 3%-ზე დაბლა შეამცირებდა. 2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 6.7%-მდე შემცირდა, 2022 წლის ბიუჯეტი კი 4.4%-ის დეფიციტზე დაიგეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები