მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილის პირველი კომენტარი სუსიდან გამოსვლის შემდეგ

ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სუსის კითხვები შეეხებოდა საქართველოს გაზმომარაგების საკითხს და ასევე, როგორ ეხმარება საქართველო ევროპას გაზით მომარაგებაში.

"ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.

ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ", - განაცხადა დავითაშვილმა სუსიდან გამოსვლის შემდეგ, მაგრამ ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვებს არ უპასუხა.

ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუსში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. უწყებაში თქვეს, რომ ანტიკორუფციული დეპარტამენტი ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით დაინტერესდა.

საქართველო რომ აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანს - შეასრულოს ევროკავშირთან 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული შეთანხმებები და მიაწოდოს შესაბამისი მოცულობის გაზი, ახალი არაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ თემას გულისხმობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების 2024 წლის ერთიანი ანგარიშის თანახმად, "საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანს - შეასრულოს ევროკავშირთან 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული შეთანხმებები, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას ევროკავშირისთვის წელიწადში მინიმუმ 20 მლრდ. მ3-მდე 2027 წლისთვის (2021 წელს 8,1 მლრდ. მ 3 იყო).

„ქართული მხარე დათანხმდა “სოკარის“ თხოვნას, საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილი დროებით ყაზახი-საგურამოს გაზსადენით მიიღოს და სკმ-ში გამოთავისუფლებული სიმძლავრე ევროკავშირისათვის განკუთვნილი გაზის მიწოდებისათვის გამოიყენოს. შედეგად, ევროპისთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებით დაახლოებით 1,1 მლრდ. მ 3 აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი“, - წერია ანგარიშში.

BMG-ის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაშიც საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილს ყაზახი-საგურამოს გაზსადენით იღებს, თუმცა აზერბაიჯან-საქართველოს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან გაზის მიღება ვერ მოხერხდება, [ავარიის ან სხვა მიზეზით] საქართველოს აქვს უფლება, კუთვნილი ბუნებრივი აირი ისევ სამხრეთკავკასიური გაზსადენით მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები