მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილმა Georgian Airways-ის ახალი „ბოინგ 767-300“ დაათვალიერა

ბოინგი
14.06.24 17:07
479

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ჯორჯიან ეარვეის“-ის ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“-ის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქართული საავიაციო სექტორი ძალიან ინტენსიურად ვითარდება და განსაკუთრებით შთამბეჭდავი პანდემიის შემდგომი აღდგენაა.

"უკვე წელს საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთნაკადის მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 31%-ით მეტს შეადგენს, რაც 2,5 მლნ მგზავრზე მეტია. ასევე ზრდა გვაქვს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს - ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზრდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის ეს მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირები სხვადასხვა ეკონომიკურ ცენტრებთან - ევროპის დედაქალაქებთან, სამხრეთ აზიის ქალაქებთან და ა.შ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ქართულ ავიაკომპანიებს აქვს უდიდესი როლი და მათი არსებობის ისტორიაში პირველად გვყავს ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი - „ბოინგ 767-300“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

„ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებს ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობები გააცნო. მისი ინფორმაციით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა, ავიახომალდი საქართველოს ავიაციიის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია, ის კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ ლიზინგის წესით გადაეცა. ზოგადად, „ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, მგზავრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა - ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ, მას უწყვეტი 12-საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს. ასევე იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

„იმედი მაქვს, „ჯორჯიან ეარვეისი“ შეძლებს, რომ კიდევ ჰქონდეს ზრდა - მიმდინარე წელს დაგეგმილია რამდენიმე ავიახომალდის დამატება და ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საქართველოდან როგორც მგზავრთნაკადი, ისე ტვირთნაკადის მოცულობა. უნდა აღინიშნოს, რომ საავიაციო სატვირთო გადაზიდვების მხრივაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ის ლიბერალური გარემო, რომელიც სავიზო კუთხით გვაქვს ბევრ ქვეყანასთან, სრულად ავითვისოთ, რაშიც ამ ტიპის ავიახომალდები დაგვეხმარება. ის ასევე დიდ როლს შეიტანს ჩვენი ტურისტული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები